საუდის არაბეთი

ცვლილებები საუდის არაბეთში

საუდის არაბეთის მმართველ წრეში მნიშვნელოვანი სიახლეა: „ორი წმინდა მეჩეთის მცველმა“ მეფე აბდულამ შინაგან საქმეთა მინისტრი შეცვალა. მეფის ნახევარძმა, პრინცი აჰმედ ბინ აბულაზიზი საკუთარმა ძმისშვილმა, 53 წლის პრინცმა მუჰამედ ბინ ნაეფმა ჩაანაცვლა.

ნავთობიმპერიაში, სადაც ჯერ კიდევ უცნობია 88 წლის მონარქის მემკვიდრის ვინაობა, მოულოდნელი მანევრი ტახტისთვის კონკურენციას კიდევ უფრო გაამძაფრებს. საუდის არაბეთი მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობექსპორტიორია, ამდენად, ქვეყნის მმართველ წრეებში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო საზოგადოება დიდი ყურადღებით აკვირდება.

საუდის არაბეთის სამეფო 1932 წელს აბდულ-აზიზ ბინ საუდმა დააარსა. ერთ დროს ღარიბი, უდაბნოში ჩაფლული სახელმწიფო დღეს უდიდესი ეკონომიკური ძალების ოცეულშია. საუდის არაბეთში მეფეს ერთპიროვნული ძალაუფლება აქვს და მოსახლეობა ქვეყნის მართვაში არ მონაწილეობს. საყოველთაო არჩევნები არასოდეს ჩატარებულა. The Economist-ის „დემოკრატიის ინდექსი“ ისლამური სამყაროს თვითგამოცხადებული ლიდერის ხელისუფლებას 10 ყველაზე ავტორიტარულ მთავრობას შორის იხსენიებს.

მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთის დღევანდელი ხელისუფლება ემიჯნება აგრესიულ ისლამიზმს და რეგიონის სტაბილიზაციაში დიდი წვლილი შეაქვს. სამეფო არაბთა ლიგის დამფუძნებელი წევრია და ორგანიზაციას აქტიურად იყენებს მოძალადე რეჟიმებზე ზეწოლისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეფე აბდულამ საუდის არაბეთის ისტორიაში პირველად შეზღუდა რელიგიური ლიდერების სპეციალური ბრძანებების – ფატვების – სამოქმედო არეალი და რელიგიური პოლიციის გავლენა. მისივე ინიციატივით დაარსდა პირველი უნივერსიტეტი ქალებისთვის. განათლების უფლებასთან ერთად, მათ ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემისა და კენჭისყრის შესაძლებლობაც მიეცათ. პირველი ქალი მინისტრიც მეფე აბდულას დროს დაინიშნა.

ქვეყანაში სიმშვიდისა და მეფე აბდულას მმართველობის მოდერნიზატორული სტილის შენარჩუნება მთელი განვითარებული სამყაროს ინტერესებშია. ამ ფონზე, საკადრო ცვლილებები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. საუდის არაბეთში მეფე ამავდროულად პრემიერმინისტრიცაა. შინაგან საქმეთა მინისტრი მეორე უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და გავლენით მთავრობის ყველა სხვა წარმომადგენელს ბევრად აღემატება. ასეთ სტრატეგიულ პოზიციაზე შედარებით ახალგაზრდა მუჰამედის დანიშვნა მმართველ წრეებში თაობათა ცვლის სიგნალად აღიქმება და მომავალი მეფის ვინაობის შესახებ მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს.

საუდის არაბეთი აბსოლუტური მონარქიაა, სადაც, ტრადიციულად, მეფობა ძმიდან ძმაზე გადადის. ამ დრომდე, სამეფო ტახტი „სუდაირის შვიდეულის“ სახელით ცნობილ ძმებს ეკუთვნოდათ. დამფუძნებელი მონარქის შვიდი ვაჟი დედის სტატუსითა და ასაკით სხვა ძმებზე მაღლა იდგა და ტახტის უპირველეს პრეტენდენტად განიხილებოდა.

72 წლის პრინცი აჰმედი სწორედ სამეფო შვიდეულის ყველაზე ახალგაზრდა წევრი და მეფობის რეალური პრეტენდენტი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, მეფე აბდულას პროგრესულ შეხედულებებს არ იზიარებდა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოდერნიზატორებს მასობრივად ათავისუფლებდა. ასევე, ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, პრინც აჰმედს უჭირდა სამეფო ოჯახის წინააღმდეგ მიმართული ჯიჰადისტური მოქმედებებისა და ნავთობით მდიდარ აღმოსავლეთ პროვინციაში შია-მუსლიმების პროტესტის ლოკალიზება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აჰმედ ბინ აბდულაზიზმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 5 თვის თავზე „საკუთარი სურვილით“ დატოვა და მისი გამეფებაც, ფაქტობრივად, გამოირიცხა.

მმართველი პოზიციიდან პრინცი აჰმედის ჩამოშორებამ ტახტის მემკვიდრეობის მსურველთა შორის კონკურენციის ახალი ტალღა უკვე სამეფო შვიდეულის გარეთაც წარმოშვა.

პრინცი მუჰამედი „შვილების თაობიდან“ პირველია, ვინც კონსერვატორ სამეფოში ასეთი საპასუხისმგებლო პოსტი დაიკავა. შესაძლოა, მეფე აბდულა ახალგაზრდა ძმისშვილს თავის შემცვლელად ამზადებდეს, თუმცა მემკვიდრე პრინცად ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია.

ყურადსაღებია ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოთა სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ თეოდორ კარასიკის შედარება. საუდის არაბეთის მხცოვანი ლიდერები სამხედრო ექსპერტს საბჭოთა კავშირის უკანასკნელ პერიოდს ახსენებს, როდესაც სახელმწიფოს მეთაურთა ცვლილებას წინამორბედის მოულოდნელი გარდაცვალება განაპირობებდა. საბოლოო ჯამში, ასეთმა არასტაბილურობამ საბჭოთა იმპერია დაასუსტა და მისი დაშლა დააჩქარა.

მეფეთა ხშირი ცვლა არც საუდის არაბეთს წაადგება, ახალგაზრდა მონარქი კი ქვეყნის სტაბილურობის გარანტი შეიძლება გახდეს. არ არის გამორიცხული, რომ მეფე აბდულამ საკადრო ცვლილება სწორედ „შვილების თაობისთვის“ ტახტისკენ გზის გასახსნელად განახორციელა.

პრინცი მუჰამედი წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწედ მუშაობდა. 2009 წელს ის თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სასწაულებრივად გადაურჩა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საკმაო წარმატებასაც მიაღწია. სწორედ მისი გამოცდილებითა და კომპეტენტურობით ხსნიან მეფე აბდულას არჩევანს.

ივარაუდება, რომ ახალგაზრდა პრინცი მუჰამედი ქვეყნისა და სამეფო ოჯახის უსაფრთხოების დაცვას უკეთ მოახერხებს. თუმცაღა, მასზე, როგორც მომავალ მეფეზე საუბარი ოფიციალურ ნომინაციამდე ნაადრევია.

ჯერჯერობით დაზუსტებით იმასაც ვერ ვიტყვით, რომ საუდის არაბეთის მომდევნო მეფე „ახალი თაობის წარმომადგენელი“ იქნება. ქვეყანაში, სადაც სამეფო ტახტის რეალურ პრეტენდენტად ათზე მეტი პრინცი მოიაზრება და ოჯახური კატაკლიზმები არასოდეს ხმაურდება, პროგნოზები იშვიათად ამართლებს.

 

კომენტარები