რუსეთი

NGO - უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონის მთავარი სამიზნე

უკანასკნელი დღეების მანძილზე, მოსკოვში, არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ „უცხო ქვეყნის აგენტის“ შესახებ კანონის ძალაში შესვლას. კანონის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ფონდები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, საგარეო აგენტებად იქნებიან მიჩნეულნი. 
კანონპროექტის იდეა თებერვლის საპროტესტო გამოსვლებს უკავშირდება, რომლის წახალისებასა და დაფინანსებაში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „უცხო ქვეყნების მთავრობები“ დაადანაშაულა. „უცხო ქვეყნის აგენტის“ ცნება ცოტაში თუ აღძრავს დადებით გრძნობებს და ცივი ომის დროინდელ შპიონაჟსა და სახელმწიფო ღალატს უკავშირდება. გარდა აღნიშნული კანონპროექტისა, ასევე ცვლილებები შევიდა „სახელმწიფო ღალატის“ შესახებ კანონში და მოხდა მისი ხელახალი დეფინიცია. ღალატი გულისხმობს „ფინანსური, ტექნიკური და მრჩევლობით დახმარებას უცხო ქვეყნის აგენტებისთვის თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის“. 
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის „მემორიალის“ მმართველი ოლეგ ორლოვი ამბობს, „უცხო ქვეყნის აგენტის“ იარლიყი მოსახლეობაში მათდამი ნდობას შეამცირებს, ოფიციალური პირები მათთან კავშირებს აირიდებენ და შესაბამისად გაუჭირდებათ სამუშაოს შესრულება. 
კრემლს არ განუმარტავს თუ როგორ მოხდება ამ კანონის აღსრულება. კანონი ძირითადად იმ ორგანიზაციებს ეხებათ, რომლებიც „პოლიტიკურ აქტივობებს“ ახორციელებენ და ცდილობენ გავლენა მოახდინონ პოლიტიკური მოსაზრებების ჩამოყალიბებაზე. მთავრობაში ახალ კანონს ემხრობიან, ოფიციალური პირების თქმით, მისი შესრულება აუცილებელია, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და რუსულმა პოლიტიკამ თავი აარიდოს უცხოეთიდან დაფინანსებულ პროვოკაციებს. 
ასევე შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში მოსკოვმა მოითხოვა ქვეყანაში USAID-ის საქმიანობის შეჩერება. USAID-მა უკანასკნელი წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარი ჩადო რუსეთის განვითარებაში. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, „რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება სრულიად მომწიფებულია და საგარეო ჩარევას არ საჭიროებს“. 
დასავლეთის მიერ დაფინანსებული პროგრამები ეხმარებოდა რუსეთს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის განვითარებაში. დღეს პუტინი ცდილობს სხვანაირად დახატოს ამ ორგანიზაციათა როლი ქვეყანაში, ფიქრობს რა, რომ მათი საქმიანობა ხელს უწყობს მოსახლეობაში მისდამი მხარდაჭერის შემცირებას.
პუტინს სურს დააჯეროს რუსეთის მოსახლეობა, რომ მისი მთავრობის კრიტიკა საგარეო შეთქმულებაა. რუსი პოლიტიკოსები და მედია ხშირად სდებენ ბრალს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაბული გაზაფხულის მოწყობაში. ეს კანონი სწორედ სახალხო გამოსვლების თავიდან აცილებას ემსახურება. 
როგორც მოსკოვის „ჰელსინკის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსიევა აღნიშნავს: „სტალინი ტოტალიტარული სახელმწიფოს შესაქმნელად ცდილობდა ქვეყანა დასავლეთიდან რკინის ფარდით გამოეყო... ჩვენ დღეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შევუერთდით... ახლა ჩვენ ვცდილობთ ჩვენი თავის გლობალური სამყაროსგან მოწყვეტას? არა, პუტინი ცუდ დროს დაიბადა“.

კომენტარები