რუსეთი

პუტინი: პოსტსაბჭოთა ინტეგრაციას ვერავინ შეაჩერებს

ინტეგრაციას პოსტსაბჭოთა სივრცეში ვერავინ შეაჩერებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ მოვისმინეთ მთელი რიგი ნევროზული, აშკარად გაღიზიანებული გამონათქვამები პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული პროცესების შესახებ. მოდით, ისინი ამ პოლიტიკოსების ემოციურ რიტორიკას მივაწეროთ. მჭიდრო ინტეგრაცია გლობალური პროცესია და მას ვერანაირი წამოძახილებით ვერ შეაჩერებენ, მათ შორის ჩვენს ტერიტორიაზეც“, - განაცხადა პუტინმა.

როგორც ჩანს, „გაღიზიანებულ განცხადებებში“ მან გასული წლის დეკემბერში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებული განცხადება იგულისხმა იმის შესახებ, რომ აშშ რუსეთს საბჭოთა კავშირის ახალი ვერსიის შექმნის შესაძლებლობას არ მისცემს.

ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ინტეგრაციული პროცესების შეჩერების მცდელობებს ჰქონდეს ადგილი გარეშე ძალების მხრიდან, მათ შორის ე. წ. რბილი ძალის მეშვეობით.

პუტინის განცხადებით, „რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის, რუსეთზე და ჩვენს პარტნიორებზე ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა დაუშვებელია“. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთისა და მისი პარტნიორების სუვერენული უფლება, განავითარონ ინტეგრაციული პროექტები, „საიმედოდ უნდა იყოს დაცული“. ამასთან დაკავშირებით პუტინმა ФСБ-ს ბელარუს, ყაზახ და სხვა პარტნიორი ქვეყნების კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობა დაავალა. მათ შორის ინტერნეტის გასაწმენდად „ექსტრემისტული შინაარსის“ მასალებისგან და მოსალოდნელი კიბერშეტევების მოსაგერიებლად.

 

კომენტარები