გაფიცვა

ფოთში მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ფოთში მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება, უსაფრთხოების ზომების დაცვა და ანაზღაურების გაზრდაა.

"ყოველდღიურად 12 საათი ვმუშაობთ და ეს მაშინ, როცა არანაირი სამუშაო პირობა ამისთვის არ არსებობს. როცა მოვითხოვეთ ამ ყველაფრის გამოსწორება, ადმინისტრაციისგან მხოლოდ დაპირებები ისმოდა. მოთმინების ფიალა ჩვენც აგვევსო, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც დოკუმენტზე ხელის მოწერა მოგვთხოვეს, რომლის მიხედვითაც, კარგი სამუშაო პირობები გვაქვს. თუმცა, ყველანი ხედავთ, აქ როგორი პირობებია და ამიტომაც ჩვენ უარი ვთქვით დოკუმენტის ხელმოწერაზე", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მეტალურგიული ქარხნის გაფიცულ მუშებთან პროფკავშირების წარმომადგენლებიც  მივიდნენ.  მათი თქმით, ისინი მუშების უფლებებს ბოლომდე დაიცავენ. 

"რაღაც მიზერული ხელფასი შეაქვთ ყოველთვიურად სახლში. რის ხარჯზეც, ყველანი კარგად ხედავთ. მუშების ჯანმრთელობა ეწირება ამ ყველაფერს და არავინაა ამ ხალხის სატკივარის გულთან მიმტანი. კანონის ენაზე, ეს ადამიანები არიან 21-ე საუკუნეში საქართველოში დამკვიდრებული ველური კაპიტალიზმის მსხვერპლნი. საქართველოს პროფკავშირები ამას არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება", -    განაცხადა  მეტალურგთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა, თამაზ დოლაბერიძემ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მუშებმა ქარხნის ტერიტორიასთან გამავალი რკინიგზის მაგისტრალიც გადაკეტეს, რადგან ადმინისტრაციამ სამსახურიდან აქციის რამდენიმე ლიდერი და პროფკავშირების თანამშრომლები დაითხოვა. 

კომენტარები