საქართველოს პარლამენტი

აზარტულ თამაშებზე კობა დავითაშვილის კანონპროექტი ჩავარდა

აზარტული თამაშების რეკლამირებასთან დაკავშირებით დეპუტატ კობა დავითაშვილის კანონპროექტი ჩავარდა. დღეს კანონპროექტის მეორე განხილვა მიმდინარეობდა. დავითაშვილის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი 46 კანდიდატმა დაუჭირა, 44-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტის გასასვლელად 59 ხმიანი ქვორუმი იყო საჭირო. 

კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 77 ხმით მარტის დასაწყისში მიიღო. დავითაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ გახდა ორ თვეში კანონში წამოწეული პრინციპები უმრავლესობის ნაწილისთვის მიუღებელი. უმრავლესობის წევრბმა შენიშნეს, რომ კანონპროექტი არ იყო საკმარისად მომზადებული და ის აზარტული თამაშების ბიზნესთან ერთად სარეკლამო ბიზნესსაც დააზარალებდა. დავითაშვილმა თავიდან კენჭისყრის მეორე დღისთვის გადადება ითხოვა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ კოლეგებთან კონსულტაციას აზრი არ ჰქონდა. დავითაშვილის თქმით, ის კანონპროექტის მხარდამჭერი 200,000 ხელმოწერის შეგროვებას ეცდება.

დავითაშვილის კანონპროექტზე თავისი აზრი დააფიქსირა პრემიერ მინისტრმა ივანიშვილმა. 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "დავითაშვილი კაზინოებთან მიმართებაში ზედმეტად აქტიურობს".

"მინდა, გავიხსენო კობა დავითაშვილის ზედმეტი აქტიურობა კაზინოებთან დაკავშირებით. ესეც ფრთხილი საკითხია. გადაწყვეტილება რეკლამასთან დაკავშირებით მიიღეს და ზედმეტი განმარტებები არ გააკეთეს, ბევრი ინვესტორი გაჩერდა. მესმის, რომ კაზინოს ბევრი სიმახინჯე აქვს, ბევრ პრობლემას ქმნის და შეიძლება ზოგიერთ ქალაქში არ უნდა არსებობდეს. ეს ყველაფერი განხილვადია. ძალიან მკვეთრად ნუ მივუდგებით. არ ემუქრება კაზინოებს დახურვა, ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა ჩემი დამოკიდებულება ჩემს განცხადებებშიც მინიშნებული მქონდა. ამას კარგი განხილვა უნდა და ინვესტორებს და ბიზნესმენებს ანგარიშის გაწევა სჭირდებათ. შეიძლება კაზინოებისთვის სპეციალური ადგილები ვნახოთ, რომ მოსახლეობას ის სახლებად არ ჰქონდეთ და ახალგაზრდები მაქსიმალურად არ იყვნენ ჩართულნი და ზედმეტი რეკლამაც არ იყოს მასთან დაკავშირებით", - განაცხადა ივანიშვილმა

კომენტარები