პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას რისკებზე აფრთხილებს

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც მთავრობას ოკუპირებული რეგიონების აღიარების რისკის შესახებ აფრთხილებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას ურჩევს, თავი შეიკავოს 2008 წლის ომის გამოძიებაზე მუდმივი აპელირებისგან.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მიერ მუდმივი აპელირება, ოკუპირებული რეგიონების სხვადასხვა ქვეყნების მიერ აღიარების რისკს ზრდის. 

"ახალი ხელისუფლების ამგვარ დამოკიდებულებას შეიძლება მოჰყვეს კატასტროფული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ამ გამოძიების ინიციატორებს დაეკისრებათ. საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიური ჩარევის შედეგად ოკუპანტმა სახელმწიფომ ჩვენი ტერიტორიების აღიარების საკითხთან დაკავშირებით მიზანს თითქმის ვერსად მიაღწია. სწორედ ამ დიპლომატიის შედეგია, რომ ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, ისევე როგორც მსოფლიოს სახელმწიფოები, ერთეული რეჟიმების გამოკლებით, აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის ფაქტს. ასევე, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტში ასახულია ტერმინი ოკუპაცია, რაც ქმნის იმის გარანტიას, რომ გარდაუვლად დადგება დეოკუპაციის დროც. ნებისმიერი ხელისუფლების ვალდებულებაა, მუდმივად იცავდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, რაც თანმიმდევრულ პოლიტიკასა და მსოფლიოს ლიდერებთან აქტიურ ინტერაქციასაც გულისხმობს. სამწუხაროდ, ამჟამინდელი მთავრობის ზემოაღნიშნული პოზიცია 2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით, არათანმიმდევრული დიპლომატია და განცხადებები კოსოვოს მოდელის მისაღებობის შესახებ, დასახელებულ მიზნებს ვერ მოემსახურება", - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერმინისტრს რამდენიმე კვირის წინ სპეციალური წერილით მიმართა, რომელშიც მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობას სთავაზობდა და არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ დეტალებს განუმარტავდა.

"სამწუხაროდ, ამ წერილს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრემიერმინისტრსა და მთლიანად მთავრობას, კარგად დაფიქრდნენ მათი ქმედებების შესაძლო კატასტროფული შედეგების შესახებ და, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, მოახდინონ პოლიტიკის კორექტირება ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტი კვლავაც გამოთქვამს მზადყოფნას, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან არაღიარების პოლიტიკისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, ისევე როგორც ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმართულებით", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები