თბილისის საკრებულო

კოკი იონათამიშვილმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა

თბილისის საკრებულოს წევრმა და საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, კოკი იონათამიშვილმა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება იონათამიშვილმა დღეს სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაავრცელა. იონათამიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 19 აპრილს ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყება გამოცხადდა, პარტია მაინც ჩაკეტილ ორგანიზმად რჩება და მისი განახლება ვერ ხერხდება. იონათამიშვილის თქმით, ის ქართული ოცნების მხრიდან დაანონსებულ, საკრებულოს საკადრო ცვლილებებში მონაწილეობას არ აპირებს. 

"საზოგადოებას მსურს ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ, რადგან უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულმა პროცესებმა, ჩემდა სამწუხაროდ, დამარწმუნა, რომ პარტია ვერ უმკლავდება მის წინაშე მდგარ ამოცანებს, მიუხედავად ჩემი მოლოდინისა, არ მოხდა მისი ტრანსფორმირება და განახლება და, საბოლოო ჯამში, იგი აღარ წარმოადგენს უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლის ინსტრუმენტს. პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან დაშვებულმა სავალალო შეცდომებმა აბსოლუტურად შეუძლებელი გახადა ზოგადი თუ კონკრეტული ამოცანების მიღწევისათვის პარტიული პლატფორმის გამოყენება. თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები და მერიის თანამშრომლები უმეტესწილად აბსოლუტურად უსამართლო პოლიტიკური დარტყმების და შეფასებების მსხვერპლი ხდებიან, ხშირად მიფიქრია, რომ ამ ადამიანებს არაფერი არ აქვთ საერთო არც დაშვებულ შეცდომებთან და დანაშაულებებთან და, სამწუხაროდ, არც დღეს არსებულ პარტიულ მმართველობასთან, ხოლო მათ მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა, როგორც სამართლებრივ, ასევე ელემენტარული გონიერების ჩარჩოებს სცილდება. აქვე მინდა დავძინო, რომ არ ვაპირებ არანაირი სახით მონაწილეობის მიღებას „ქართული ოცნების“ მხრიდან დაანონსებულ საკრებულოს საკადრო ცვლილებებში", - წერს იონათამიშვილი. 

განცხადებაში იონათამიშვილი ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღწეულ წარმატებაზეც საუბრობს. განსაკუთრებულ აქცენტს საკრებულოს წევრი აღმოჩენილ ვიდეოჩანაწერებზე აკეთებს:

"სწორედ წლების განმავლობაში სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მიღწეული წარმატება და სააკაშვილის მაღალი რეიტინგი, აღმოჩნდა წინაპირობა იმისა, რომ ყველა ეს ინსტიტუცია მეტად თუ ნაკლებად დახურულ სისტემად ჩამოყალიბებულიყო და ამა თუ იმ გადაცდომის ან თუნდაც დანაშაულის ჩადენა შესაძლებელი გახადა. არ არსებობდა, ან არ იყო ეფექტური სამოქალაქო, საპარლამენტო, უწყებრივი კონტროლი ამ სტრუქტურების საქმიანობაზე. მე სრულად ვიზიარებ პასუხისმგებლობას ყველა იმ ფაქტზე, რომელმაც შეურაცხყო და დაამცირა კონკრეტული ადამიანები და მათი უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად პასუხისმგებლობა სწორედ “ნაციონალურ მოძრაობაზე” ძევს, მინდა აქვე ავღნიშნო, რომ არც სამოქალაქო სექტორს და ოპოზიციას გააჩნდა საკმარისი კომპეტენცია და ნდობა იმისათვის, რომ ეს საკითხები აქტუალური გაეხადა", - წერს იონათამიშვილი.

განცხადებაში იონათამიშვილი მმართველ გუნდსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო დაპირებები აასრულოს, ის განსხვავებულ აზრს დევნის. 

 

კომენტარები