საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: გენერალ კალანდაძის გამართლება სამართლიანობის აღდგენაა

facebook.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს გიორგი კალანდაძეს შეხვდა, რომელიც საქალაქო სასამართლომ, დღეს, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნო.

პრეზიდენტმა გენერალ კალანდაძეს გამართლება მიულოცა და აღნიშნა, რომ მის უდანაშაულობაში ეჭვი არასოდეს ეპარებოდა. "უბრალოდ, სამწუხაროა, რომ თქვენი, იმ ადამიანებისნაირი პატრიოტები, რომლებიც დღეს გაამართლეს, თავის დროს უნდა ხარჯავდეთ ფუჭად, აცდენდნენ დროს, როდესაც საქართველოს არცერთი დასაკარგი ოფიცერი და პატრიოტი არ ჰყავს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ისაუბრა გიორგი კალანდაძის დამსახურებაზე 2008 წლის რუსული აგრესიის დროს და აღნიშნა, რომ მაშინ შეიარაღებული ძალების გმირობამ საშუალება მისცა დიპლომატიას, საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადაერჩინა.

"მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე გაირკვეს და ეს ბურუსი გაიფანტოს. მე ვფიქრობ, საზოგადოება ხვდება, რომ ბევრი რამე, რასაც ეუბნებოდნენ, თავიდან ბოლომდე სიყალბესა და სიცრუეზე იყო დაფუძნებული. რა თქმა უნდა, იდეალური არავინ იყო და შეცდომებიც ბევრი იყო, გადაცდომებიც და ალბათ, დანაშაულებიც ყველა მთავრობაში ხდებოდა და ხდება. მაგრამ, საქართველოში იყო იდეალისტების ჯგუფი, რომელიც აშენებდა ქართულ სახელმწიფოს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

იგი ასევე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის უკმაყოფილებას თენგიზ გუნავას შეწყალების გამო და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას, რომ ამ ნაბიჯის გამო პრეზიდენტი ქვეყნისთვის საფრთხის წყაროს წარმოადგენს.

"ეს ის პარლამენტია, რომლის უმრავლესობამაც პედოფილები და დიდი რაოდენობით მკვლელები გამოუშვა და ამდენი პედოფილიის შემთხვევა, რაც საქართველოში ახლა გვაქვს, არ გვქონია. მიუხედავად იმისა, რომ ვეხვეწებოდი, არ გამოეშვათ. ეს ის პარლამენტია, რომელმაც გამოუშვა ჩახალიანი და მარეკ დუდაევი. გუნავას გამოშვება, რომელმაც სამეგრელოში კრიმინალი აღმოფხვრა, მომატებული საფრთხის წყაროა და ჩახალიანის, დუდაევის და ამ პედოფილების გამოშვება არ არის საფრთხე? თუ ქვეყანაში მართლა ყველაფერი უკუღმა დადგა და არაფერს თავისი სახელი აღარ უნდა ეწოდოს? ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ეს ბურუსი გაიფანტება და ყველაფერს ნათელი მოეფინება, უბრალოდ დროს არ უნდა ვკარგავდეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი თავდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებსაც შეეხო.

"ყველაზე მეტად მე ეს მწყინს. მწყინს, რომ ბევრი რამ, რაც თავდაცვაში დაწყებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრი კარგი ოფიცერი და საქართველოს პატრიოტია, ისე ვერ გაგრძელდა, როგორც უნდა გაგრძელებულიყო. ძალიან მაგარი ინჟინრები მუშაობენ ყოფილ 31-ე ქარხანაში, მაგრამ ეს ქარხანა პრაქტიკულად გაჩერებულია", - თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შეწყდა ჯავშანმანქანა ლაზიკას, ზალპური ცეცხლის დანადგარის, უპილოტო საფრენი აპარატისა და სხვა ტიპის შეიარაღების გამოშვება.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში "ნაცნობ-მეგობრობით ვიღაც საეჭვო პირებმა გაიმარჯვეს". მან შეშფოთება გამოხატა ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტების გამო.
მიხეილ სააკაშვილი შეეხო ბრალდებებს, რასაც პროკურატურა გიორგი კალანდაძესა და სხვა ოფიცრებს უყენებდა: "ჯარისკაცებს არბენინეს ყაზარმის გარშემოო, ციოდაო სენაკში (სენაკში ასე არასოდეს ცივა) და ე.წ. ატჟიმანიები აკეთებინესო. "ატჟიმანიებს" რუსულ საბჭოთა ჯარში მე მაკეთებინებდნენ დღეში ათჯერ და მარბენინებდნენ წელს ზემოთ შიშველს, -30 გრადუსიან ყინვაში... მაშინ ყველა, ვინც ჩემი ოფიცერი იყო უკრაინაში, უნდა დაიჭირო და გაასამართლო".

პრეზიდენტის განცხადებით, "გენერალი კალანდაძე იჯდეს ციხეში და ე.წ. გენერალი კიტოვანი ჭკუას გვარიგებდეს ტელევიზიებიდან, ეს სამართლიანი მიდგომა არ არის".
"სამართლიანობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვფიქრობ, ის, რაც მოხდა თქვენთან მიმართებაში დღეს, ეს იყო სამართლიანობის აღდგენა, ოღონდ დაგვიანებით, იმიტომ რომ დრო დავკარგეთ... არ უნდა აკავებდნენ მოქმედ გენერალს საპირფარეშოსთან, დილის 5 სთ-ზე, მოტყუებით. თქვენ იცით, რომ NATO-ს სამხედრო შტაბის სხდომა ამან ჩაშალა და, პრაქტიკულად, გაუკვეველი ვადით გადაიდო", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი სიტყვებით, "აქ არ არის პოლიტიკურ სიმპათიებსა და ანტიპათიებზე საუბარი, საქართველო ზიანდება. ვფიქრობ, ამას ყველა ხვდება, ასევე, ის პოლიტიკოსები, რომლებსაც დღეს უკვე შევამჩნიე სინანულის და დარცხვენის ნოტები. გავა დრო და შეიძლება, ყველას შეგვრცხვეს, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა".
"საქართველოს ახლა სჭირდება ხედვა, წინსვლა, განვითარება. ხალხს სჭირდება დახმარება, რა დროს რევანშიზმია, რა დროს სტალინის ძეგლების აღდგენაა! დღეს არის დრო განვითარების, წარმოების, შექმნის, შენების, განახლების. საქართველო რომ გადარჩეს, ამისთვის ძალიან სწრაფად უნდა მიდიოდეს წინ, რომ ჩვენი დამპყრობელი არასოდეს დაგვეწიოს. ის, ვინც ებრძოდა დამპყრობელს, თქვენი სახით, გუნავას სახით, ყველაზე სათითაოდ შური უნდა ვიძიოთ იმის გამო, რომ პირადად გვამოძრავებს რევანშიზმი და, მით უმეტეს, გვინდა, ვასიამოვნოთ ვინმეს, განსაკუთრებით, დამპყრობელს?", - განაცხადა პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა მოსამართლე გიორგი დარახველიძეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ არ მოექცა ზეწოლის ქვეშ, რომელსაც, მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი ახორციელებდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კალანდაძემ და სასამართლოს მიერ გამართლებულმა სხვა ოფიცრებმა შეიარაღებულ ძალებში უნდა გააგრძელონ სამსახური ისე, რომ "პასუხზე ან რაიმე შურისძიებაზე" არ იფიქრონ.

კომენტარები