ოლეგ მელნიკოვის საქმე

ოლეგ მელნიკოვი: უკრაინაში მაწამებდნენ

timer.ge

შსს-ს ყოფილი მაღანჩინოსნის, საქართველოში ექსტრადირებული ოლეგ მელნიკოვისა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის განხილვა სასამართლომ დაიწყო. ორი პოლიციელის ე.წ. მოდულში ცემის და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდზე მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე მელნიკოვმა უკრაინის ციხეში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ დაკავების მომენტიდან არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ. ასევე იყო კარცერშიც. მან თქვა, რომ "უკრაინაში მაწამებდნენ".

"იქ სულ სხვანაირი ციხეა. ფანჯარას შუშა არ ჰქონდა. არც სკამი იყო, არც მაგიდა, მთელი დღე წყალს კეტავდნენ. ერთხელ ვიღაც მოვიდა და გამაფრთხილა ჭკვიანად იყავიო და მაჩვენა ჩემი ცოლისა და შვილის სურათი, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ. ვუთხარი, კი ბატონო, ჭკვიანად ვიქნები-თქო. ჩამოვიდნენ ქართველი პროკურორები, დამკითხეს და მითხრეს, დედასთან რამეს ხომ არ დამაბარებო. აქ გავიგე, რომ ჩემს 75 წლის დედასთან მივიდნენ და უთხრეს, თუ ჭკვიანად არ იქნება, დიდი "სროკი" ელოდება და გააფრთხილეო. ჩემს მეუღლესთან კი ქურდები მივიდნენ და უთხრეს ქართველი ქურდები ვართო და შეაშინეს", - თქვა მელნიკოვმა. სასამართლო პროცესზე მხარეები მტკიცებულებათა ნუსხას კითხულობენ.

შსს-ს ინფორმაციით, 2012 წლის 7 დეკემბერს უკრაინაში, ქალაქ კიევში, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, 1966 წელს დაბადებული ოლეგ მელნიკოვი დააკავეს. მელნიკოვი დაპატიმრების და საქართველოში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით ინტერპოლის თბილისის ბიუროს მიერ საერთაშორისო ძებნაში 2012 წლის 5 დეკემბრიდან იმყოფებოდა.

ოლეგ მელნიკოვს ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე–3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში ოლეგ მელნიკოვს ბრალი წაეყენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სსსკ-ს 24-143-ე მუხლის 1-ელი
ნაწილით და მე-2 ნაწილის "ა", "გ" და "ზ" ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით).

კომენტარები