ღარიბაშვილის შეხვედრა უმცირესობასთან

ღარიბაშვილი: ოდეერებზე შეკითხვას თქვენგან არ მივიღებ

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობას ე.წ ოდეერების თემაზე კითხვის დასმის უფლება არ აქვს. ღარიბაშვილს უმცირესობასთან შეხვედრისას დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ჰკითხა, გაიყვანს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შსს-ს სახელმწიფო უშიშროების ოფიცერს.

"არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მონაცემების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელში იმყოფება შსს-ს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოფიცერი, ვინმე ციბაძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს აშანტაჟებს. ამის თაობაზე, სამეურვეო საბჭომ არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაკეთა. მაინტერესებს, აპირებთ თუ არა თქვენ გაითვალისწინოთ მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს რეკომენდაცია და გაიყვანოთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან ციბაძე?", - მიმართა კანდელაკმა ღარიბაშვილს.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა კი განაცხადა, რომ კითხვას არ უპასუხებს, რადგან ნაციონალური მოძრაობისგან შეკითხვას არ მიიღებს. 

"რაც შეეხება ოდეერებს და კონკრეტულად ამ ადამიანს, მე მას ნამდვილად არ ვიცნობ. მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ ვაჩვენო საზოგადოებას, როგორი უსამართლოები ხართ თქვენ. წლების განმავლობაში, ძალიან კარგად იცოდით, რომელი ოდეერი იყო რომელ სამინისტროში და რა დავალებებს იღებდნენ. არასოდეს არ გაგჩენიათ შეკითხვა და ვერც გაბედავდით გეკითხათ ჩემი წინამორბედისთვის თუ რატომ არსებობენ ოდეერები სამინისტროებში.  მე ამ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ იმიტომ, რომ თქვენგან ამ შეკითხვას მე არ მივიღებ. თქვენ 9 წლის განმავლობაში შეგეძლოთ ეგ შეკითხვა დაგესვათ" - თქვა ღარიბაშვილმა პარლამენტში.

გიორგი კანდელაკის შეფასებით კი, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ნამდვილად არის უშიშროების სამსახურის ოფიცერი.

"ვფიქრობ, ეს სკანდალია, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში პირდაპირი ჩარევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ამის „გაპრავება“ უბრალოდ შეუძლებელია" - დაწერა დეპუტატმა Facebook-ის პირად გვერდზე.

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს 25 ოქტომბრის განცხადებით, შს სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში, ასევე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. 

ამასთან, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი ციბაძე ზეწოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის იყო კონტრდაზვერვის თანამშრომელი, რომელიც მაუწყებელში სიტუაციის სამართავად იყო მიგზავნილი. როგორც ემზარ გოგუაძემ ტაბულას განუცხადა, ციბაძეს ხელფასს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უხდის, გარდა ამისა, შსს-ც უარყოფს, რომ ციბაძე უწყების თანამშრომელია. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისთვის გაუგებარია, თუ რა მიზნითა და ვისი დავალებით მუშაობს ირაკლი ციბაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში. თავად შსს-ს განცხადებით, ციბაძე სამინისტროს თანამშრომელი არ არის. 

ე.წ. ოდეერის, იგივე უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა სხვადასხვა უწყებებში არსებობაზე გაზეთ რეზონანსის რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან საჯარო შეხვედრისას ისაუბრა. მან პრემიერს ჰკითხა, როდის აპირებდა მთავრობა ამ ინსტიტუტზე უარის თქმას, რომელიც, ტუღუშისვე თქმით, ქვეყნის "სამარცხვინო ლაქაა". პრემიერმა საჯაროდ აღიარა, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს.

"მთავრობის სხდომაზე ორჯერ მქონდა პოლემიკა ამაზე. ამას გარეთ ვერ გამოვიტან, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, ამაზე უარი ვთქვათ და ალბათ უახლოეს მომავალში მოვახერხებთ. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს ასე არ უნდა იყოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები