გერმანია

განახლება თუ სტაგნაცია?

გიორგი გუშარაშვილი
0 კომენტარი

22 სექტემბერს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა გერმანიაში კანცლერ ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატებს (ბავარიის ქრისტიანულ-სოციალურ კავშირთან ერთად) შთამბეჭდავი გამარჯვება მოუტანა: ამომრჩეველთა ხმების 41%-ზე მეტით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ ზედიზედ მესამედ მოიპოვა მთავრობის დაკომპლექტების უფლება. თავისუფალმა დემოკრატებმა, რომლებიც არჩევნებამდე ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად კოალიციურ მთავრობას ქმნიდნენ, ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. ბუნდესტაგის მიღმა დარჩა ევროსკეპტიკური „ალტერნატივა გერმანიისთვის", რომელსაც ბევრი კომენტატორი წარმატებას უწინასწარმეტყველებდა.

გერმანელი ამომრჩევლის ნდობა მერკელმა ევროზონაში გამძაფრებული ფინანსური კრიზისის ფონზე მოიპოვა. გერმანიის მთავრობამ შეძლო, გასულ წლებში ვალებით დამძიმებული სამხრეთ ევროპის ქვეყნებისათვის თერაპიის საკუთარი მოდელი მოეხვია თავზე: საბიუჯეტო დისციპლინის გამკაცრება სახელმწიფო ხარჯების შემცირებისა და გადასახადების გაზრდის გზით. სანაცვლოდ, კრიზისულმა ქვეყნებმა გერმანიის და ევროზონის სხვა წევრების დახმარება მიიღეს ფინანსური გარანტიებისა და ვალების ჩამოწერისათვის კრედიტორებზე პოლიტიკური ზეწოლის სახით.

ევროზონის კრიზისის მეტ-ნაკლებად წარმატებულმა მენეჯმენტმა და ოპოზიციონერი სოციალ-დემოკრატების მხრიდან კრიზისის დაძლევის კონცეფციის არქონამ მნიშვნელოვანწილად განაპირობეს მერკელის გამარჯვება არჩევნებში, რომელშიც გერმანიის მთავარი პრობლემა, ევროზონის ფინანსური კრიზისი, საერთოდ არ ყოფილა პოლიტიკური დებატების საგანი ე.წ. დაფუძნებული პარტიებისათვის. დაფუძნებულ პარტიებს გერმანიაში უწოდებენ ქრისტიან-დემოკრატებს, სოციალ-დემოკრატებს, თავისუფალ დემოკრატებს, მწვანეებს და მემარცხენეებს, რომლებიც სტაბილურად არიან წარმოდგენილნი ბუნდესტაგში და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყოველთვის ახერხებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას. მხოლოდ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შექმნილმა „ალტერნატივამ გერმანიისათვის" მოაქცია ეს თემა თავისი საარჩევნო კამპანიის ცენტრში.

ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსული მოვლენა ადვილი ასახსნელი იქნება, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ სამხრეთ ევროპის ქვეყნების, განსაკუთრებით კი საბერძნეთის კრიზისი ჯერ კიდევ არ არის გადალახული და გერმანელებს, შესაძლოა, კვლავ მოუწიოთ ახალი ფინანსური დახმარების პაკეტის შექმნა საბერძნეთის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად.

მართალია, სამხრეთ ევროპის კრიზისული ქვეყნები დათანხმდნენ გერმანიის ლიდერობას და მკაცრი ფისკალური დისციპლინის გერმანულ პირობებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობაც იმავეს ფიქრობს. 2011 წლის შემოდგომაზე მარიო დრაგის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ბუნდესბანკის წარმომადგენელი ევროპის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ბორდში უმცირესობაში აღმოჩნდა. შედეგად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო იტალიის და სხვა კრიზისული ქვეყნების ობლიგაციების შესყიდვა, რამაც ინფლაციის საფრთხე გაზარდა. ამის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ მერკელმა ფინანსური კრიზისის იგნორირება აირჩია და საარჩევნო კამპანიაში მეორეხარისხოვან თემებზე ამახვილებდა ყურადღებას.

ანგელა მერკელი მორიგ გამარჯვებას ზეიმობს ფოტო: Reuters
არცერთი პარტიის პროგრამა არ ითვალისწინებდა გადასახადების შემცირების, სოციალური ხარჯების შეკვეცის და ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის გზით ეკონომიკურ მოდერნიზაციას. პირიქით, ევროზონის კრიზისის ფონზე გერმანიის დადებითმა ეკონომიკურმა კონიუნქტურამ პოლიტიკოსებს პოპულისტური დაპირებებისაკენ უბიძგა.

2000-იანი წლების დასაწყისში, როცა გერმანიის ეკონომიკა მძიმე საგადასახადო წნეხის ქვეშ სტაგნაციას განიცდიდა და გერჰარდ შროდერის სოციალ-დემოკრატიულმა კაბინეტმა შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია გადაწყვიტა, ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარედ ახლადარჩეული ანგელა მერკელი ქვეყანას კაპიტალიზმის პროპონენტად მოევლინა: 2005 წელს ქრისტიან-დემოკრატები პროგრესული დაბეგვრის გაუქმებასა და ნებისმიერი სიდიდის შემოსავალზე 25%-იანი პროპორციული საშემოსავლო გადასახადის შემოღებას აპირებდნენ. ამასთანავე, მათ შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების გზით უნდოდათ გერმანული „სოციალური საბაზრო ეკონომიკის" „წმინდა ძროხის", პროფკავშირული ბიუროკრატიის შეკვეცა. ბრიტანული გამოცემა Economist-ი მერკელს მარგარეტ თეტჩერს ადარებდა და გერმანიას ისეთივე რადიკალურ საბაზრო რეფორმებს უწინასწარმეტყველებდა, როგორიც ბრიტანეთმა 1980-იან წლებში გაიარა.

თუმცა, ქრისტიან-დემოკრატებმა, ყველასათვის მოულოდნელად, 2005 წლის არჩევნებში ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღეს და იძულებულნი გახდნენ სოციალ-დემოკრატების მონაწილეობით „დიდი კოალიცია" შეექმნათ. 2009 წელს უკვე შესაძლებელი გახდა ქრისტიან-დემოკრატების კოალიცია თავისუფალ დემოკრატებთან – ერთადერთ პოლიტიკურ პარტიასთან გერმანიაში, რომელიც კლასიკური ლიბერალიზმის პრინციპებთან დგას ახლოს. თუმცა, ამჯერად, მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში, მერკელმა აღარ ისურვა ლიბერალური რეფორმების გატარება. მისი პოლიტიკა მზარდად ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არა პოლიტიკური იდეების განხორციელებაზე ორიენტირებული გახდა.

ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი მერკელის კაბინეტის მიერ ენერგეტიკის სფეროში გატარებული პოლიტიკაა. მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად იაპონურ ქალაქ ფუკუშიმაში ატომური რეაქტორის ავარიის შემდეგ გერმანიაში ჩატარებულმა გამოკითხვებმა პირველად აჩვენა, რომ მოსახლეობის 50%-ზე მეტი ატომური ელექტროსადგურების დახურვას მოითხოვდა. საპასუხოდ, მერკელმა ე.წ. ენერგეტიკული რეფორმის გატარება გადაწყვიტა, რომლის მიხედვითაც ატომური ელექტროსადგურები იმ ვადაში უნდა დაიხურონ, რომელიც მერკელის მთავრობის წინამორბედ სოციალ-დემოკრატებს და მწვანეებს ჰქონდათ დადგენილი. გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის გერმანიაში წარმოებული ელექტროენერგიის 50% ალტერნატიულ, ე.წ. უშრეტ წყაროებზე უნდა მოდიოდეს, ხოლო 2050 წლისათვის – უკვე 80%, რისი მიღწევაც სახელმწიფო სუბსიდირების მეშვეობით უნდა მოხდეს.

გეგმური ეკონომიკის და ეკოლოგიზმის პრინციპებზე დაფუძნებული ენერგეტიკული პოლიტიკით მერკელმა თავის სოციალ-დემოკრატ და მწვანე ოპონენტებს მთავარი იდეოლოგიური არგუმენტი გამოაცალა. იდეოლოგიური განსხვავებები, რომლებიც გერმანულ პარტიებს შორის დიდი ისედაც არასდროს ყოფილა, მინიმუმამდე დავიდა. როგორც არჩევნების შედეგი აჩვენებს, მერკელის ოპორტუნიზმი პოლიტიკური თვალსაზრისით მოგებიანი აღმოჩნდა. თუმცა იგი დიდად წაგებიანი იქნება იმ სამრეწველო დარგებისათვის, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ. იმ დროს, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ენერგიის ფასები ფიქლური გაზის მოპოვების გამო მკვეთრად დაეცა, გერმანიის ენერგეტიკული ხარჯები დიდი სისწრაფით იზრდება და ქვეყნის კონკურენტუნარიანობას აზარალებს. ფიქლური ნავთობის და გაზის მოპოვება გერმანიაში, ისევე როგორც საფრანგეთში, აიკრძალა.

საფინანსო კრიზისთან და არაორთოდოქსულ ენერგეტიკულ პოლიტიკასთან ერთად, გერმანიის მდგრად განვითარებას დიდ საფრთხეს უქმნის დემოგრაფიული გამოწვევა, რომელზეც პასუხი არც ქრისტიან-დემოკრატებს და არც სხვა დაფუძნებულ პარტიებს გააჩნიათ. გერმანიის მოსახლეობის ფერტილურობის კოეფიციენტი უკვე 1960-იანი წლებიდან მოყოლებული რეპროდუქციისთვის აუცილებელ 2,1-ზე დაბალია, ხოლო ბოლო ოცი წლის განმავლობაში საშუალოდ 1,4-ზე ნაკლები იყო. დაბალი შობადობის შედეგია მოსახლეობის დაბერება და ამით გამოწვეული საპენსიო დანახარჯების ზრდა მაშინ, როცა ახალგაზრდა ასაკის დასაქმებულთა რიცხვი, რომელთა მიერ გადახდილი სოციალური ბეგარიდან საპენსიო ფონდები ფინანსდება, თანდათან კლებულობს. პრობლემას ამძაფრებს მოხუცთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა, რის საპირწონედაც საპენსიო ასაკის 67 წლამდე აწევა არსებული დემოგრაფიული ტენდენციის პირობებში სრულებით არასაკმარისი იქნება. ახალგაზრდების ნაწილი, განსაკუთრებით იმიგრანტების შთამომავლები, არასათანადო განათლების გამო საერთოდ უუნაროა, შეიძინოს გერმანიის შრომის ბაზრისათვის აუცილებელი კვალიფიკაცია და სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულ უმუშევართა რიგებს ავსებს.

ამ დემოგრაფიულმა ტენდენციებმა გერმანიის პოლიტიკური ელიტა, მცირე გამონაკლისების გარდა, ვერ დაარწმუნა „სოციალური სახელმწიფოს" რეფორმირების აუცილებლობაში. სახელმწიფო გერმანიაში წარმოადგენს სიმდიდრის გადანაწილების მანქანას, რომელიც ფულს დასაქმებულებიდან უმუშევრებზე, ახალგაზრდებიდან ხანდაზმულებზე და წარმატებულებიდან წარუმატებლებზე გადაანაწილებს. მაღალი გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები ქმნიან ნეგატიურ სტიმულებს, რომლებიც არა მხოლოდ ინვესტორებს აფრთხობენ, არამედ განაპირობებენ დეფიციტური სპეციალობების მქონე მაღალკვალიფიციური დასაქმებულების ემიგრაციას შვეიცარიაში ან ინგლისურენოვან სამყაროში, სადაც მათ შრომის და ცხოვრების უკეთეს პირობებს სთავაზობენ. ამ ტენდენციის საპირწონედ, კვალიფიციური უცხოელი იმიგრანტების მოზიდვა, მრავალი მცდელობის მიუხედავად, უკიდურესად პრობლემატურია გერმანიისათვის (განსხვავებით იმავე ანგლოსაქსური ქვეყნებისაგან). შედეგად, გერმანიის შრომის ბაზარზე არსებობს ინჟინრებისა და IT-სპეციალისტების დეფიციტი.

ამ პრობლემების მიუხედავად, გერმანიის ეკონომიკის პოზიტიური მაჩვენებლები დიდწილად მოსახლეობის შემოსავლების სტაგნაციის ხარჯზეა მიღწეული. ევროს შემოღებიდან მოყოლებული, გერმანიაში დასაქმებულთა ხელფასები ორჯერ უფრო ნელა იზრდებოდა, ვიდრე საფრანგეთში, რომელსაც კიდევ უფრო ნაკლებად დინამიკური ბიზნესსექტორი აქვს. თუ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში შრომის პროდუქტიულობასთან მიმართებით მოსახლეობის კეთილდღეობა არაპროპორციულად გაიზარდა, გერმანიაში საპირისპირო ტენდენციას ჰქონდა ადგილი – რამაც გერმანელებს, მაღალი გადასახადებისა და ზერეგულირებული შრომის ბაზრის მიუხედავად, საქონლის და მომსახურების მისაწვდომ ფასებში წარმოების საშუალება მისცა.

ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო წარმატება, თავისუფალი დემოკრატების და „ალტერნატივა გერმანიისათვის" ბუნდესტაგს მიღმა დარჩენის პირობებში, კიდევ უფრო ამცირებს იმედს, რომ გერმანიის მომავალი მთავრობა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხებს. ყველაზე სავარაუდო პოლიტიკური კონსტელაცია ამ არჩევნების შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატების და სოციალ-დემოკრატების „დიდი კოალიცია", სავარაუდოდ, გააგრძელებს მერკელის წინა კაბინეტების სტაგნაციის და პოპულარული ინსტინქტების დაკმაყოფილების პოლიტიკას, რასაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: ძალაუფლების მქონეთათვის ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები