გერმანია

II მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, გერმანიამ უცხო ქვეყანაში ჯარები მუდმივად განათავსა

გერმანელი ჯარისკაცები ვილნიუსის აეროპორტში, 8 აპრილი, 2024
AP Photo/Mindaugas Kulbis

8 აპრილს გერმანიამ ლიტვაში ჯარისკაცების განლაგების პროცესი დაიწყო, რაც II მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა გერმანია უცხო ქვეყანაში ჯარს მუდმივად განალაგებს.

გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე ლიტვაში 20-ზე მეტი ჯარისკაცი ჩავა, რომელსაც მოგვიანებით 150 ჯარისკაცისგან შემდგარი დანაყოფი შეუერთდება. ხოლო საბოლოო გეგმის მიხედვით, 2027 წლისთვის გერმანია ლიტვაში მუდმივად 5 000 ჯარისკაცს განათავსებს.

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიის გარეთ ასეთი დანაყოფი მუდმივად განვათავსეთ". - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა. მისი თქმით, ეს "გერმანიის ჯარისთვის ისტორიული დღეა".

თავის მხრივ, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კასჩიუნასმა განაცხადა, რომ გერმანიის ეს ნაბიჯი NATO-ს აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებისთვის "დიდებული მაგალითია".

"ჩვენ შევქმნით ისეთ თავდაცვასა და შემკავებელ სტრუქტურას, რომ აღმოსავლეთიდან ვერცერთი მოწინააღმდეგე იფიქრებს, NATO-ს მე-5 მუხლის გამოცდას". - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები