გერმანია

გერმანიაში ასობით პოლიციელის წინააღმდეგ ულტრამემარჯვენეობის გამო გამოძიებას იწყებენ

ულტრამემარჯვენე შეხედულებების გამო, გერმანიაში 400-ზე მეტი სამართალდამცველის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პოლიციის იმ ოფიცრების მიმართ, რომლებიც ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ შეხედულებებსა და შეთქმულების თეორიებისადმი კეთილგანწყობაში არიან შემჩნეულნი.

როგორც გამოცემა Stern წერს, სავარაუდოა, რომ ასეთ სამართალდამცველთა რიცხვი გაცილებით მაღალი იქნება, რადგან გერმანიის 16 ფედერალური შტატიდან 4-ს ამ დრომდე არ წარმოუდგენია კონკრეტული ციფრები, რამდენი პოლიციელის წინააღმდეგ არის აღძრული საქმე.

გერმანიის პარლამენტის პოლიციის კომისრის, ული გრიოტშის შეფასებით, ასეთი ხალხის არსებობა ქვეყნისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

ამავდროულად, ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო გადატრიალების მსურველი რაიხის მოქალაქეების მოძრაობა (Reichsbürgerbewegung) პოლიციელთა მათ რიგებში გადაბირებას ცდილობდნენ. ზემოხსენებული მოძრაობის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა 2022 წლის დეკემბერში მასშტაბური რეიდები ჩაატარეს და არაერთი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები