მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია

ომბუდსმენი: მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია უნდა შეიქმნას

news.ge

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადება დაუშვებელია. ნანუაშვილის თქმით, მას ესმის, რომ კომისიის შექმნა ბევრ სირთულესთან არის დასკავშირებული და არსებობს სერიოზული რისკები, "თუმცა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შესთავაზოს საზოგადოებას და პირველ რიგში, უკანონობის მსხვერპლ ათასობით ადამიანს რამე მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მათი განაჩენები გადაიხედება". 

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. ომბუდსმენი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ კომისიის შექმნის გადადება დაუშვებელია.

"ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაღაც ფორმით ეს კომისია შეიქმნას, ამუშავდეს. იქ შეიძლება იყოს ბევრი განსხვავებული აზრი, მაგრამ ზოგადად ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ამის გაჩერება, ჩემი აზრით, დაუშვებელია", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს გუშინ უთხრა, კომისიის შექმნის იდეას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავრობამ მიიჩნია, რომ კომისიის შექმნამ ქვეყანა შესაძლოა ფინანსურად და ეკონომიკურად დააზარალოს. იუსტიციის მინისტრის თქმით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტი რამდენიმე თვეა მზად არის და მას მხოლოდ პარლამენტში გაგზავნა სჭირდებოდა.

"ჩვენ კანონპროექტი მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე გავიტანეთ. კომისიის შექმნას არავინ არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავრობამ მიიჩნია, რომ ძალიან ფრთხილად არის გასათვლელი ის შედეგები, რაც შესაძლოა ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით მივიღოთ. თუ ადამიანს გაამართლებ, მას გაუჩნდება მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება, ამისთვის კი, დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის. სწორედ ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩათვალა მთავრობამ, რომ ამ კომისიის შექმნა ამ ეტაპზე ნაადრევია", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, როგორც კი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა დაზარალებულთა მატერიალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზად იქნება, კომისიის შექმნის საკითხი იმ წერტილიდან დაიძვრება, სადაც გაჩერდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. კომისია, რომლის წევრებსა და თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, პარლამენტი დაამტკიცებს, უფლებამოსილი იქნება გადასინჯოს სასამართლოს მიერ უკვე განხილული საქმეები და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს აქვს, ისიც კანონით მკაცრად გაწერილ შემთხვევებში.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ მომზადებული კონონპროექტის შესახებ საკუთარი დასკვნა ვენეციის კომისიამაც გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ "არამოსამართლეების მიერ სასამართლო ხარვეზების განხილვის იდეა აღძრავს კითხვებს ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებათა განაწილებასა და სასამრთლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული". კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაცია მისცა.

კომენტარები