ფარცხალაძის გადადგომა

გაბაშვილი: ფარცხალაძემ თანამდებობა საზოგადოებრივი ზეწოლის გამო დატოვა

financial.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძის მიერ თანამდებობის დატოვება საზოგადოების ზეწოლამ განაპირობა.

"მიუხედავად იმისა, რომ მთელი ათი დღის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და პირადად პრემიერი ღარიბაშვილი ცდილობდნენ მთავარი პროკურორისთვის პასუხისმგებლობის არიდებას, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად მას მაინც მოუწია თანამდებობის დატოვება.

საზოგადოებამ არ მიიღო არგუმენტი, რომ საუბარი იყო ბავშვობის შეცდომებზე და ასე შემდეგ. ეს ბუნებრივია, რადგან საუბარი იყო ყაჩაღობასა და ქურდობაზე ზრდასრულ, 25 წლის ადამიანის მიერ ჩადენილზე და საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად მას მოუწია თანამდებობის დატოვება.

მინდა ვთქვა, რომ გამოხატულ პროტესტს, მკვეთრ პოზიციას ყოველთვის აქვს აზრი და მთავრობა იძულებულია, გაითვალისწინოს ეს აზრი. ამით თემები არ დახურულა და არ დასრულებულა. ჩვენ კვლავაც ვითხოვთ სრულყოფილად იქნას გამოძიებული ჩვენი პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გატაცების საქმე, ჩატარდეს გამოძიება და ფირები იქნას გადმოცემული",- აღნიშნა გაბაშვილმა.

დღეს საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა. ამის შესახებ ფარცხალაძემ განცხადება გაავრცელა.

"ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი ვცე და გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა.

დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემს ყოფნას არ გააჩნია სამართლებრივი პრობლემები, არ მინდა ეჭვქვეშ დადგეს იმ საქმეების გამოძიების ლეგიტიმაცია, რომელსაც ამ დროისთვის აწარმოებს მთავარი პროკურატურა. გარდა ამისა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით არ მინდა ჩრდილი მიადგეს პრემიერ-მინისტრს და იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება.

მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და მთელ მთავრობას, რომლებთან თანამშრომლობაც ჩემთვის დიდი პატივი იყო.

მე მრავალი წელი ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ახლაც მზად ვარ, გავაგრძელო საქმიანობა ნებისმიერ პოზიციაზე და ერთგულად ვემსახურო ჩემს სამშობლოს",- წერია განცხადებაში.

კომენტარები