ფარცხალაძის გადადგომა

ბოკერია: ოთარ ფარცხალაძეს გადადგომა პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგა ბოკერიას თქმით, ოთარ ფარცხალაძის გადადგომა გარდაუვალი იყო "საზოგადოებრივი აზრის, ლეგიტიმური პოლიტიკური წნეხის და მისი სრული, საფუძვლიანი დისკრედიტაციის გამო". ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბოკერიას თქმით, გადადგომა ფარცხალაძეს "მის მიერ ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით" პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

"კერძოდ, ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერის, ვანო მერაბიშვილის ყაჩაღური, ავაზაკური, ღამით გამოყვანის და ზეწოლის გამო და ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული. ჩვენ უნდა ვიხილოთ ფირი, რომელიც არსებობს და რომელსაც დღემდე არ გვაჩვენებენ",- თქვა ბოკერიამ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას, პრემიერმინისტრს, მთელ გუნდს არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ ერთი ფარცხალაძის მეორე ფარცხალაძით ჩანაცვლებით რამე შეიცვლება.

"ეს უნდა იყოს გაკვეთილი მათთვის, რომ მათ უნდა შეცვალონ პოლიტიკა. დაიწყონ ქვეყნის მართვა, ეკონომიკაზე და სამუშაო ადგილებზე ზრუნვა, გაზრდილ კრიმინალთან ბრძოლა და თავი დაანებონ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას. ეს უნდა იყოს გაკვეთილი, რომ შემდეგ ჯერზე, სანამ დაეწყობა მთელი ვერტიკალი ხელისუფლების, პრემიერმინისტრიდან დაწყებული, ყველა პოლიტიკური ლიდერით დამთავრებული და გადაეფარებიან ადამიანს, რომელიც შეარჩიეს კლანური მეთოდით, ჯერ უნდა დაფიქრდნენ. შემდეგი გადაწყვეტილებებისას კი იხელმძღვანელონ პროფესიონალიზმით და არა ნათესაურ-კლანური ურთიერთობებით", - აღნიშნა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა. ამის შესახებ ფარცხალაძემ განცხადება გაავრცელა.

"ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი ვცე და გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა.

დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემს ყოფნას არ გააჩნია სამართლებრივი პრობლემები, არ მინდა ეჭვქვეშ დადგეს იმ საქმეების გამოძიების ლეგიტიმაცია, რომელსაც ამ დროისთვის აწარმოებს მთავარი პროკურატურა. გარდა ამისა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით არ მინდა ჩრდილი მიადგეს პრემიერ-მინისტრს და იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება.

მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და მთელ მთავრობას, რომლებთან თანამშრომლობაც ჩემთვის დიდი პატივი იყო.

მე მრავალი წელი ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ახლაც მზად ვარ, გავაგრძელო საქმიანობა ნებისმიერ პოზიციაზე და ერთგულად ვემსახურო ჩემს სამშობლოს",- წერია განცხადებაში.

კომენტარები