ბიძინა ივანიშვილი

ჯაფარიძე: ივანიშვილი მთავრობას დღემდე აკონტროლებს

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები დღევანდელ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის მთავრობასა და საპარლამენტო ოპოზიციას სრულად აკონტროლებს. ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით, სამწუხაროა ისიც, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი მოსახლეობისთვის მიცემულ ყველა პირობას შესრულებულად თვლის, დავით კეზერაშვილზე გაკეთებული განცხადება კი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიმართ პოლიტიკური დევნის ფაქტს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

"არანაირ სამოქალაქო სექტორში გადასვლაზე საუბარი არ არის, ბიძინა ივანიშვილი სრულად აკონტროლებს მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას. დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოჩნდა, რომ ის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩართული და გარკვეულია. ეს ადამიანი თვლის, რომ მან საქართველოს მოსახლეობისთვის მიცემული ყველა პირობა შეასრულა. შეუსრულებელი დაპირებები კი თვალუწვდენელ მომავალში გადადო და კონკრეტულ ციფრებს და თარიღებს არ ასახელებს. დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით მან ფაქტობრივად აღიარა, რომ ის და დღვანდელი პრემიერი ღარიბაშვილი უშუალოდ იყვნენ ჩართული იმაში, რომ კეზერაშვილი საფრანგეთში დაეკავებინათ. ეს კიდევ ადასტურებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ყველა ლიდერის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. რაც შეეხება შეფასებას, რომ ოპოზიცია სუსტია, ეს უბრალოდ ღიმილისმომგვრელია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები