„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები

საჯარო მოხელეების საკითხზე ნანუაშვილმა, შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ თუ პარლამენტი ”საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებებს მიიღებს, შესაძლოა, მან ცვლილებების გასაჩივრებისთვის  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”დაუშვებელია პარლამენტის მხრიდან მსგავსი კანონის მიღება, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებს 13 ათას ადამიანს, რომლებიც დღეს მუშაობენ თვითმმართველობის ორგანოებში და მათ, ფაქტობრივად, დროებით მოვალეობის რანგში გადაყვანას გულისხმობს.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ, შესაძლოა, გამოვიყენოთ საკონსტიტუციო სასამართლო, თუკი იქნება მიღებული შესაბამისი კანონი და სწორედ საკონსტიტუციო სარჩელის მეშვეობით დავამტკიცებთ იმას, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას”, - აცხადებს ნანუაშვილი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პარლამენტმა აღნიშნული გაითვალისწინოს და კანონპროექტი არ მიიღოს იმ ფორმით, რა ფორმითაც წარდგენილია.

”ამ საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ უკვე პარლამენტს, სადაც ჩვენი მკვეთრი უარყოფითი პოზიცია ჩამოვაყალიბეთ, რომ დაუშვებელია ასე ერთი კანონით მოხდეს შეცვლა, რეალურად ჩარევა თვითმმართველობების  საქმიანობაში და გათავისუფლების რისკის ქვეშ რამდენიმე ათასი ადამიანი აღმოჩნდეს”, - აღნიშნა ნანუაშვილმა. 

ცნობისთვის, პარლამენტმა 5 თებერვალს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 134მუხლის სახით დამატება შეიტანა. ამ მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოების 2014 წლის არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად გამოცხადდება. ისინი უფლებამოსილებას შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე განახორციელებენ, რაც არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

კომენტარები