პროკურატურაში სააკაშვილის დაბარება

უსუფაშვილი: სააკაშვლის მიმართ დასმულია კითხვები და ის ბრალდებული არ არის

„დაკითხვაზე ყოფილი პრეზიდენტის დაბარების თემა ჩემთან არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს არ წამოუწევია,“ - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბრიუსელში, გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პროკურატურის ქმედებებიც შეაფასა. „მე პირადად არც ვიწონებ და არც ვუწუნებ პროკურატურას ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ დანაშაული გახსნას. ამასთან, ეს ისე გააკეთოს, რომ კანონი არ დაარღვიოს და სხვისი უფლებები არ შელახოს. ამ ჩარჩოში მოქმედ პროკურატურას დანაშაულის გახსნაში ჩემგან, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა აქვს,” - აღნიშნავს დავით უსუფაშვილი.

უსუფაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, არავინ შევიდეს შეცდომაში იმის გამო, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დასმულია კითხვები, როგორც შესაძლო მოწმის მიმართ და იგი კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული არ არის.

როგორც პარლამეტის სპიკერი ამბობს, თავისთავად ის ფაქტი, რომ რაიმე დანაშაულის გამო ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მიმართ პროკურატურას შესაძლოა, ინტერესი ჰქონდეს, კარგი არ არის.  "ეს ქვეყნის შესახებ კარგზე არაფერზე მეტყველებს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ იმ თემებს ვუმკლავდებით, რომლებიც წარსულშია ჩადნილი და უნდა გამოვიძიოთ. ამიტომ, ჩემი პოზიცია იქნებოდა ის, რომ ყველა კითხვაზე პასუხი, რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდად და წყნარად  გაეცეს,” - თქვა უსუფაშვილმა.

რაც შეხება შესაძლო რეაქციას, უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხის შესახებ ქვეყნის შიგნითაც და  გარეთაც განსხვავებული მოსაზრებები იყოს.

კომენტარები