პანორამა - თბილისი

დედაქალაქის მერია პანორამა-თბილისის პროექტის საჯარო განხილვას იწყებს

თბილისის მერია თანაინვესტირების ფონდის პროექტის პანორამა - თბილისის  საჯარო განხილვას იწყებს. როგორც მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მერია პანორამა - თბილისის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ითვალისწინებს და ყველა დაინტერესებულ პირს ამ პროექტის განხილვაში მონაწილეობას სთავაზობს, რისთვისაც მათ 8 აპრილს თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომაზე დასასწრებად იწვევს.

აღნიშნული საკითხის განხილვაზე დასწრების მსურველებს მერია სთხოვს, მოთხოვნა ელექტრონულ მისამართზე: [email protected], 2014 წლის 4 აპრილამდე გააგზავნონ.  

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის მერია პროექტის ირგვლივ მის უწყებაში გამართული ყველა განხილვის საჯაროობას შემდგომშიც უზრუნველყოფს.

„თბილისის მერია მხარს უჭერს დედაქალაქში სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც უკავშირდება, როგორც  თბილისის უბნების რეაბილიტაციასა და თვისობრივ განახლებას, ასევე ახალი მშენებლობების წარმოებას, რაც დადებითად აისახება როგორც ეკონომიკის განვითარებაზე, ასევე სოციალურ და სხვა სახის მიმართულებებზე.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. პანორამა-თბილისის პროექტის განხორციელება თბილისის ისტორიულ ნაწილში იგეგმება, რომელიც ასევე ბუნებრივად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის ტერიტორიას მოიცავს. შესაბამისად, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითმყოფადი სახის მაქსიმალურად შენარჩუნება უნდა იყოს.

დედაქალაქის მერიაში პროექტის ირგვლივ ზოგადი კონცეფციის შესაქმნელად განაცხადია შემოსული, რაც მოცემულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებაზე შესაბამისი დავალების გაცემას გულისხმობს“, - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდი თბილისში პროექტს სახელწოდებით პანორამა - თბილისი განახორციელებს. პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს - 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე მეორის მოედანი - გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდებიან გამწვანებულ შემოგარენს.

კომენტარები