ყვარლის გამგებლის დაკავება

საია: ყვარლის საკრებულომ უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია დაარღვია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, გამგებელ დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადარჩევით ყვარლის საკრებულომ დაარღვია უწყებათაშორისი კომისიის ის რეკომენდაცია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების განხორციელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამასთან, საიას განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ მიუთითებს არჩეული გამგებლისა და მერებისათვის უნდობლობის გამოცხადების იმ პროცედურის პრობლემურობაზე, რომელიც გათვალისწინებულია ახალ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში. საია აღნიშნავს, რომ ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს უფლება ეძლევა, მოახდინოს უნდობლობის პროცესის ინიცირება ხალხის მიერ არჩეული გამგებლის/მერის მიმართ სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშეც კი, საფრთხეს უქმნის არჩეული თანამდებობის პირების სტაბილურობასა და დამოუკიდებლობას, ასევე, აკნინებს პირდაპირი წესით არჩევის არსსა და მნიშვნელობას.

საიას შეფასებით, ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი თხოვნის საფუძველზე იმყოფებოდნენ შენობაში, რათა ექსცესების გარეშე ჩატარებულიყო საკრებულოს დახურული სხდომა. ორგანიზაციას კითხვები აქვს სხდომის კანონიერებასთან დაკავშირებითაც.

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ხოლო საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება საკრებულოს განკარგულებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით. საინტერესოა რატომ დაიხურა საკრებულოს სხდომა? ცხადია, გამგებლის გათავისუფლების საკითხის გახმაურება კანონით აკრძალული ან შეზღუდული არ არის. ასევე საინტერესოა, არსებობდა თუ არა სხდომის დღის წესრიგი და მოხდა თუ არა მისი კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნება? კითხვები ჩნდება სხდომის უფლებამოსილებასთან დაკავშირებითაც: უფლებამოსილი იყო თუ არა სხდომა მიეღო გადაწყვეტილებები? არსებობდა თუ არა კვორუმი სხდომაზე? კონკრეტულად როდის და რა ვითარებაში მიიღო საკრებულომ გადაწყვეტილება გამგებელთან დაკავშირებით? საიას ინფორმაციით, დავით ქევხიშვილმა მხოლოდ დაკავების შემდეგ, სასამართლო პროცესის მსვლელობისას შეიტყო, რომ ის აღარ იყო გამგებელი. მისი განცხადებით, ის არ ყოფილა მიწვეული სხდომაზე, მას არ ჰქონდა ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების თაობაზე. საიასთან საუბარში დავით ქევხიშვილმა მის წინააღმდეგ კამპანია მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ეს პროცესი უკვე სამი თვე მიმდინარეობდა, თუმცა აღნიშნული ფაქტებით არავინ დაინტერესებულა", - აღნიშნავს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებითვე, სადავოა, რამდენად სწორად მოხდა დავით ქევხიშვილის ქმედების კვალიფიკაცია წვრილმან ხულიგნობად, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, „წვრილმანი ხულიგნობა წარმოადგენს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს“. 

ორგანიზაციის აზრით, აქვე გასარკვევია, რამდენად თანმიმდევრულად მოქმედებდნენ პოლიციის თანამშრომლები და პირთა დაკავება ხომ არ მოხდა შერჩევით, დაპირისპირებულთაგან მხოლოდ ერთი მხარის წარმომადგენლებიდან.

"თუ ერთ შემთხვევაში დარღვევას წარმოადგენდა გამგებლის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რატომ არ წარმოადგენდა დარღვევას საკრებულოს წევრის მიერ ჩადენილი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები? მაშინ, როდესაც მყისიერი რეაგირება ხდება გამგებელთან დაკავშირებით, რატომ არ ხდება საერთოდ რეაგირება მასთან დაპირისპირებულ საკრებულოს წევრის ქმედებებზე, რომელიც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ადამიანებს, მათ შორის პოლიციის მიერ დაკავებულ პირს პოლიციის თვალწინ?" - კითხულობს საია და აღნიშნავს, რომ პოლიციის განცხადებით, გამგებელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საკრებულოს წევრს თემურ მანგოშვილს, რის შედეგადაც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და მყუდროება.

"ამავე დროს, 25 აპრილს მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, საკრებულოს წევრი თენგიზ გუგოშვილი ფიზიკურად როგორ უსწორდება პოლიციის მიერ დაკავებულ ერთ-ერთ პირს, თუმცა პოლიცია აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას არ ახდენს. საიასთან საუბარში გამგეობის თანამშრომელი ნინო ხუციშვილი აცხადებს, რომ არსებობს კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ აყენებს საკრებულოს წევრი გუგოშვილი იმავე დღეს პირადად მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელთა და სხვა პირთა თანდასწრებით, თუმცა მისივე განცხადებით, ფაქტზე პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

2014 წლის 25 აპრილს პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დააკავა. მასთან ერთად დააკავეს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის რწმუნებული, ქართული ოცნების წევრები და მოქალაქეები, სულ 17 პირი. მუნიციპალიტეტის გამგებელს ბრალი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს, ხოლო მის მხარდამჭერებს როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ისე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით. გამგებლის მხარდამჭერები მაშინ დააკავეს, როდესაც მათ გამგებლის დაკავება ქუჩაში გააპროტესტეს. პოლიციის განცხადებით, დაკავებულებმა საკრებულოს წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. იმავე დღეს გამგებელს სასამართლომ ჯარიმის სახით 100 ლარი, ხოლო მის მხარდამჭერებს 400 ლარი შეუფარდა. 

დაკავების შემდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებელი თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

კომენტარები