დაპირისპირება გარდაბანში

გარდაბანში რამდენიმე ათეული ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

გარდაბანში რამდენიმე ათეული ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წევრებსა და აქტივისტებს შორის მოხდა. ვითარების განმუხტვას თავდაპირველად პოლიცია ცდილობდა, მოგვიანებით კი, სპეცდანიშნულების რაზმი ჩაერია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის რამინ ბაირამოვის განცხადებით, ჯგუფურ დაპირისპირებამდე, ჩხუბი რამდენიმე ადამიანმა დაიწყო. მისი თქმით, შემდეგ, ენმ-ის ოთხი წევრი მანქანაში ჩაჯდა და ჩაიხანისკენ წავიდა.

"იქ მათ საცემად 15-მდე ადამიანი შევიდა, რომლებიც ნაციონალებს ეძახდნენ და უხეშად მოიხსენიებდნენ. მერე პოლიციაც მოვიდა და ერთ-ერთი ეთნიკურად აზერბაიჯანელი პოლიციელიც სცემეს. შემდეგ 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ჯოხებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. გამაფრთხილებელი გასროლაც იყო, თუმცა ამას რეაქცია არ მოჰყოლია" - თქვა ბაირამოვმა.

ქართული ოცნების გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მარივ ზეინავოვის შეფასებით კი, არჩევნების წინ უნდათ ეთნიკური საკითხის წამოწევა.

"აქ 25 წელია ერთად ვცხოვრობთ და მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. ჩვენ და სვანები ყოველთვის ვმეგობრობდით, არ შეიძლება ამაში პოლიტიკური მოტივის ძებნა, ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. თუ რამდენიმე ადამიანმა იჩხუბა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 500-მდე აზერბაიჯანელი ქართველების წინააღმდეგი იქნება" - თქვა ზეინავოვმა. 

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული არავინ არ არის.

კომენტარები