პაატა ქარდავას საქმე

რომან შამათავას პაატა ქარდავას გაუჩინარების საქმეში ბრალი წარუდგინეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით) სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგების მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს რომან შამათავამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ქალაქ ბათუმში ჩაყვანა დაავალა.

მიღებული დავალების შესაბამისად, 2008 წლის 27 აგვისტოს, ქალაქ ზუგდიდში მდებარე ფოსტის შენობის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერს პაატა ქარდავას, რომელიც პირად სარგებლობაში არსებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამოძიების ინფორმაციით, პაატა ქარდავა ქალაქ ფოთის მიმართულებით წაიყვანეს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ხელბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა „ნივის“ მარკის ავტომანქანაში გადასვეს, რომლითაც ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში გადაიყვანეს, სადაც რომან შამათავას და მის თანამზრახველებს გადასცეს, ხოლო პაატა ქარდავას სარგებლობაში არსებული ავტომანქანა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა კვალის არევის მიზნით ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დატოვეს.

შსს-ს ცნობით, რომან შამათავამ და მისმა თანამზრახველებმა პაატა ქარდავა  ქალაქ ბათუმში გადაიყვანეს და  შავი ზღვის ნავმისადგომთან მიიყვანეს, სადაც რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა (ამას ქარდავა კატეგორიულად უარყოფდა), რის შემდეგაც მან პაატა ქარდავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„რომან შამათავას დავალებით, მას და მისი ჯგუფის წევრებს ნავმისადგომთან  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავი ელოდებოდა, რომელსაც ამავე დანაყოფის თანამშრომელი მართავდა. ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა აღნიშნულ ნავში ჩასვეს, რომან შამათავამ მას ფეხზე ბეტონის ნატეხი მოაბა და შავი ზღვის სიღრმეში დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე შევიდნენ, რა დროსაც რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით პაატა ქარდავა მოკლა და ცხედარი ზღვაში გადააგდო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქმეზე გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

რომან შამათავა ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეზე უკვე დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს საპარლამენტო არჩევნების დღეს, ხურჩაში ორი სამგზავრო ავტობუსი რომან შამათავას ორგანიზებით ააფეთქეს. მასალების მიხედვით, ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობისთვის ზუგდიდში უნდა გადაეყვანა, ააფეთქეს. ამ ეპიზოდზე რომან შამათავას და მალხაზ მურღულიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები