საზაფხულო საკითხავი

Harvard Business Review: ეს 4 წიგნი კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ

საკითხავი წარმატებული კარიერის მისაღწევად
Harvard Business Review

Havard Business Review (HBR) რჩეული წიგნების სპეციალურ კოლექციებს აქვეყნებს.

კოლექციები სხვადასხვა თემატიკის გარშემო ერთიანდებიან და ეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიც არის მეწარმეობა, კარიერა, ეკონომიკა, მაღალი ტექნოლოგიები და ბიზნესი, სტრატეგია. 

4 წიგნი, რომელიც HBR-ის კარიერული წინსვლის კოლექციაში შედის, გათვლილია ისეთ ადამიანებზე, რომელთაც არჩეული აქვთ სასურველი კარიერა და პროფესიული განვითარების გზას ადგანან. 

წიგნებმა მკითხველს უნდა გაუადვილონ საკუთარი პოტენციალის სრული გამოყენება და შედეგად კარიერულ კიბეზე აღმასვლა; დაეხმარონ თვითგამორკვევაში და იმაში თუ რამდენად სწორად აქვს ადამიანს შერჩეული პროფესიული გზა და თუ ასეა, როგორ მიაღწიონ წარმატებას სასურველი მიმართულებით. 

ეს 4 წიგნი დაეხმარება მკითხველს თავად განსაზღვროს ის, თუ რას ნიშნავს მისთვის წარმატება და გაიკვალოს ამ წარმატებისკენ მიმავალი გზა საკუთარი პოტენციალის სრული გამოყენებით: 

1. რობერტ სტივენ კაპლანი - რის საკეთებლად ხარ დაბადებული: გზამკვლევი შენი უნიკალური პოტენციალის გამოყენებისკენ (What You're Really Meant to Do: A Roadmap for Reachinnng Your Unique Potential

წიგნში ავტორი მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით მკითხველს ეხმარება კარიერული მიზნების დასახვისა და მიღწევისათვის საჭირო სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. იმისათვის რომ პროფესიონალმა საკუთარი კარიერის კონტროლის სადავეები აიღოს ხელში, განივითაროს კომპეტენცია და ცხადჰყოს კარიერული მისწრაფებები, კაპლანი სპეციფიკურ სავარჯიშოებს აყალიბებს. შედეგად, მკითხველს უნდა შეეძლოს უკეთ გაერკვეს იმაში თუ რისი კეთება მოსწონს მას ყველაზე მეტად, როგორი პროფესია ერგება მის შესაძლებლობებს და როგორ მიაღწიოს წარმატებას ყველა ხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით.

2. დორი კლარკი - განაახლე საკუთარი თავი: განსაზღვრე საკუთარი ბრენდი და წარმოიდგინე მომავალი (Reinventing You: Define Your Brand, Imagine Your Future)

ბრენდინგის ექსპერტი, დორი კლარკი, მკითხველს ეხმარება ნაბიჯ-ნაბიჯ შეაფასოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და განავითაროს მიმზიდველი ბრენდი საკუთარი პიროვნების სახით. საკუთარი თავის წარმატებულად ბრენდირების შედეგად ადვილი ხდება გარშემომყოფთათვის დაინახონ თქვენი გამოხატული როლი ბიზნესპროცესებში. კლარკს მაგალითად მოჰყავს ისეთი წარმატებული ადამიანები, როგორიც არის მარკ ზაკერბერგი, და ცდილობს დაანახოს მკითხველს პიროვნული ბრენდინგის გადამწყვეტი როლი კარიერული მიზნების მიღწევაში. 

3. მაიკლ დ. ვოტკინსი პირველი 90 დღე: აპრობირებული სტრატეგიები სწრაფად ალღოს ასაღებად (The First 90 Days: Proven Strategies for Getting Up to Speed Faster and Smarter)

წიგნი იდეალურია მათთვის, ვინც კარიერულ ტრანზიციას განიცდის: იწყებს პირველს თუ იცვლის სამსახურს, სამუშაო გარემოს ან ქვეყანას. ავტორი დაგეხმარებათ ცვლილებების თითოეული ასპექტის ანალიზსა და შეფასებაში. გაიგებთ რა არის ახალბედა მენეჯერების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები და წინააღმდეგობები და რა სტრატეგია შეიძლება დავისახოთ მათი თავიდან ასაცილებლად. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად ახალი თანამშრომლებისა და უფროსების თვალში - ვოტკინსი აგიხსნით.

4. ჰაიდი გრანტ ჰალვორსონი - 9 რამ, რასაც წარმატებული ადამიანები აკეთებენ განსხვავებულად (Nine Things Successful People Do Differently)

თუ გაინტერესებთ რა განასხვავებს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ადამიანების ცხოვრებისეულ და კარიერულ სტრატეგიებს ჩვეულებრივი საშუალო რგოლის მენეჯერებისგან, შეგიძლიათ ამ წიგნში ამოიკითხოთ კვლევით განმტკიცებული არგუმენტები იმის შესახებ თუ რისი გაკეთებაა საჭირო საოცნებო კარიერული მიზნების მისაღწევად. 

კომენტარები