საზაფხულო საკითხავი

Harvard Business Review: 11 წიგნი ახალგაზრდა ბიზნესლიდერთათვის

18percentgrey / Alamy/Alamy

Harvard Business Review (HBR) ახალგაზდა ბიზნესლიდერებს და მათ, ვინც მომავალში საკუთარ თავს ბიზნესსამყაროში ხედავს, მეტი წიგნის კითხვისკენ მოუწოდებს. 

ამის შესახებ ვრცელი პოსტი HBR-ის ბლოგზეც დაიწერა სახელწოდებით - თუ გინდა მართო, იკითხე. 

ამ პოსტის მიხედვით, კითხვის დადებითი მხარეები უსაზღვროა, მათ შორის გაზრდილი ვერბალური ინტელექტი, რაც პირდაპირ კავშირშია გუნდის ეფექტიანად მართვასთან. 

New York Times-ის მიხედვით, ისეთი ცნობილი ლიდერები, როგორიც მაგალითად სტივ ჯობსი და უინსტონ ჩერჩილი იყვნენ, საკმაოდ ბევრს კითხულობდნენ. 

ახალგაზრდებს HBR 11 წიგნს ურჩევს, რომელიც მათ წარმატებულ ლიდერად გარდაქმნაში ხელს შეუწყობს. 

1. მარკუს ავრელიუსი - იმპერატორის სახელმძღვანელო (The Emperor's Handbook)

რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი ჩვენი წელთაღრიცხვით 161-180 წლებში მართავდა რომს. წიგნი არის მისი მოსაზრებები ცხოვრებასა და ლიდერობაზე, რომლის გამოქვეყნებაც განზრახული არ ჰქონდა და პირადი ჩანაწერების სახით ინახავდა. ეს არის წიგნი დაწერილი ადამიანის მიერ, რომელიც 40 წლის ასაკში იმპერიას მართავდა და მკითხველს საინტერესო ხედვას აწვდის ქვეყნის მართვისა და ზოგადად ცხოვრების შესახებ. 

2. ვიქტორ ფრანკლი - ადამიანი ეძებს ცხოვრების აზრს (Man's Search for Meaning

ვიქტორ ფრანკლი ავსტრიელი ფსიქიატრი იყო, რომელიც ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრებას ცოცხალი გადაურჩა. წიგნი, ადამიანი ეძებს აზრს, ორი ნაწილისგან შედგება. ერთი ეხება საკონცენტრაციო ბანაკში გატარებულ დროს ფსიქიატრის გადმოსახედიდან და მეორე ტრაქტატია ლოგოთერაპიის თეორიაზე. ლოგოთერაპია ადამიანის მიერ სიცოცხლის აზრის ძიებას უკავშირდება და ამას სიცოცხლის მთავარ მიზნად წარმოაჩენს. როგორც HBR აღნიშნავს, ამ წიგნით შთაგონება ლიდერების მრავალმა თაობამ უკვე მიიღო. 

3. ტომ ვოლფი - ადამიანი მთლიანობაში (A Man in Full

წიგნში მოქმედება ატლანტაში ვითარდება, პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და ე.წ. მაღალი საზოგადოების წარმომადგენელთა და დაბალი შემოსავლების მქონე წრეებს შორის. ავტორი ცდილობს ერთ წიგნში ჩაატიოს მეოცე საუკუნის ბოლოს მცხოვრები ამერიკული საზოგადოების პორტრეტი და შეეხოს ისეთ საკითხებს, როგორიც არის რასა, საზოგადოებრივი მდგომარეობა და დინამიკა. 

4. მაიკლ ლიუისი - პოკერი მატყუარასთვის (Liar's Poker

პოკერი მატყუარასთვის არის წიგნი ობლიგაციების გამყიდველზე 1980-იანი წლებში, სადაც ავტორი ყვება თავისი ხანმოკლე კარიერის შესახებ უოლ სტრიტზე. ლიუისი ალბათ თანამედროვე ბიზნესის ყველაზე ფართოდ აღიარებული მემატიანეა, პოკერი მატყუარასთვის კი უოლ სტრიტისა და ფინანსური სამყაროს გასაოცარი ისტორიაა; ასევე კარგი სახელმძღვანელო ახალგაზრდა ამბიციური ბიზნესლიდერებისათვის იმ გამოწვევებზე, ცდუნებებსა და იმედგაცრუებებზე, რომელიც შესაძლოა მათ კარიერული წინსვლის გზაზე შეხვდეთ. 

5. ჯიმ კოლინზი - კარგიდან შესანიშნავამდე: რატომ ვითარდება ზოგიერთი კომპანია სხვებზე მეტად (Good to Great: Why Some Companies Make the Leap...And Others Don't)

რა არის იმისათვის საჭირო, რომ თქვენი კომპანია სწრაფად განვითარდეს და რა ახასიათებთ შესანიშნავ ბიზნესლიდერებს - ამის შესახებ კოლინზის წიგნში წაიკითხავთ. ავტორმა წიგნი 6 000 სამეცნიერო სტატიასა და 2 000 ინტერვიუზე დაყრდნობით დაწერა და გააერთიანა ის საერთო მახასიათებლები რაც წარმატებული კომპანიების შესანიშნავ მენეჯერებს ახასიათებთ. კოლინზის წიგნი თანამედროვე ბიზნესმენების ერთერთ საბაზისო სახელმძღვანელოდ იქცა. 

6. რობერტ კალდინი - გავლენა: გადარწმუნების ფსიქოლოგია (Influence: The Psychology of Persuasion)

შესაძლებლობა დაარწმუნო ადამიანი მოლაპარაკებების დროს ყველა ბიზნესოპერაციის ერთერთი მთავარი ნაწილია, არ აქვს მნიშვნელობა ურთიერთობა კლიენტებთან აქვს მენეჯერს, თანამშრომლებთან თუ მიმწოდებლებთან. თავის წიგნში კალდინი იკვლევს გადარწმუნებისა და ადამიანების გადაბირების ძირეულ პრინციპებს, რომელსაც შემდეგ ბიზნესრეალობას არგებს. ავტორი თეორიას საკუთარ გამოცდილებიდან და მანქანების და უძრავი ქონების ბროკერებთან გამართული ინტერვიუებიდან აგენერეირებს. ეს არის პრაქტიკული მეცნიერება მორგებული რეალურ ცხოვრებაზე. 

7. რიჩარდ ტედლოუ - გიგანტური საწარმოები: 7 ბიზნესის ინოვატორებისა და მათ მიერ აშენებული იმპერიების ისტორია (Giants of Enterprise: Seven Business Innovators and the Empires They Built)

წიგნში ავტორი ისეთი ბიზნესგიგანტების ისტორიებს წერს, როგორებიც არიან კარნეგი, ფორდი, ისტმანი და უოლტონი. ესენი იყვნენ ადამიანები, რომელთაც დიდი გავლენა მოახდინეს იმ ბიზნესრეალობაზე, რომელშიც დღეს ყველას უწევს ცხოვრება. 

8. ნაიალ ფერგიუსონი - ფულის აღზევება: მსოფლიოს ფინანსური ისტორია (The Ascent of Money: A Financial History of the World)

ფერგიუსონის წიგნში კარგად ჩანს, რომ ფინანსური კაპიტალი თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მიმართულების მთავარი განმსაზღვრელია, შესაბამისად, წარმატებულ ბიზნესლიდერს კარგად უნდა ესმოდეს ფინანსური სამყარო, მისი ისტორია და დინამიკა. ფულის აღზევება აღწერს ფინანსური ბაზრებისა და ფულის ევოლუციას ანტიკური სამყაროდან დღემდე და ნათელს ფენს ფინანსური სამყაროს დღევანდელ მდგომარეობას. 

9. კლეიტონ კრისტენსენი - ინოვატორის დილემა: როცა ტექნოლოგიური ინოვაციები ღუპავს დიდ კომპანიებს (The Innovator's Dilemma: When New Technologies Cause Great Firms to Fail)

კლეიტონ კრისტენსენი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ბიზნესმოაზროვნის ტიტულს ატარებს და მისი წიგნი, ინოვატორის დილემა, ცდილობს ახსნას როგორ უნდა გადარჩეს ბიზნესი დღევანდელ სამყაროში, სადაც მუდმივად მიდის კონკურენცია ახალ ბიზნესმოდელებსა და ტექნოლოგიური ინოვაციების მხრივ. კრისტენსენის წიგნი აუცილებელი საკითხავია ნებისმიერი დამწყები ბიზნესმენისათვის - წერს HBR. 

10. სტივენ კოვი - მაღალეფექტიანი ადამიანების 7 ჩვევა (The 7 Habits of Highly Effective People: Powerful Lessons in Personal Change)

კოვის რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განაწილდეს პრიორიტეტები, რა როლს თამაშობს წარმატების მიღწევაში ემპათია და თვითგანახლება დამწყები ბიზნესლიდერებისათვის, ისევე როგორც გამოცდილი მენეჯერებისათვის პრაქტიკული და ღრმაა. 7 ჩვევა, რომელიც წიგნშია ჩამოთვლილი გამოსადეგია როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული ზრდისათვის და ნებისმიერს შეუძლია გამოიყენოს, ვისაც საკუთარი კარიერა ბიზნესში აქვს დაგეგმილი. 

11. ბილ ჯორჯი - ნამდვილი ჩრდილოეთი: აღმოაჩინე ავთენტური ლიდერი შენში (True North: Discover Your Authentic Leadership)

ავტორი თავის წიგნში კარგი ლიდერსი ჩამოყალიბებაში ავთენტურობის როლს სწავლობს. იგი ეყრდნობა კვლევას, რომელიც 100-ზე მეტ პერსონალურ ინტერვიუს ეყრდნობა და ახალგაზრდა ლიდერებს რჩევას აძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საკუთარი თავის შეცნობა, იმისათვის რომ წარმატებული ლიდერი გახდე და ჩამოაყალიბო მმართველობის უნიკალური პრინციპები. 

კომენტარები