ტაბულას თანამშრომლის დაკავება

გადაწყვეტილება ტაბულას თანამშრომლის საქმეზე 1 ივლისს გამოცხადდება

გადაწყვეტილებას ტაბულას თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო 1 ივლისს 11 საათზე გამოაცხადებს. სასამართლო პროცესი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დღეს 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ტაბულას თანამშრომლისა და მასთან ერთად დაკავებული ორი პირის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. დაკავებულებს პოლიციისთვის ხელის შეშლას ედავებიან. 

29 ივლისს გვიან ღამით 01:00 საათზე პოლიციამ მიზეზის გაცხადების გარეშე ტაბულას თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პიროვნება დააკავა. პოლიციამ ისინი თავდაპირველად დოლიძის 28 ნომერში მდებარე განყოფილებაში გადაიყვანა. სამართალდაცველთა თქმით, მათ ინფორმაცია იარაღის უკანონო ტარების შესახებ ჰქონდათ, თუმცა დაკავებულებს ის არ აღმოაჩნდათ. მათი მეგობრები კი ეჭვს გამოთქვამდნენ იმის შესახებ, რომ პოლიციელები შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ტაბულას კითხვა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არაფხიზელ მდგომარეობაში, სამართალდამცველებმა უპასუხოდ დატოვეს.

აღნიშნულის დასადგენად ტაბულას იურისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია გამოიძახა, თუმცა ისინი პოლიციის განყოფილებაში არ გამოცხადდნენ. ტაბულას დაკავებულმა თანამშრომელმა ვერც დაცვის უფლებით სარგებლობა შეძლო, რადგან იურისტი სამართალდამცველებმა მასთან სასაუბროდ არ შეუშვეს. რამდენიმე საათის შემდეგ დაკავებულები დიღმის მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს სახის არეში დაზიანებები ჰქონდა, რომლებიც, მისი მეგობრების თქმით, დაკავებამდე არ აღენიშნებოდა.

კომენტარები