ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ შსს-ს მოუწოდებს, მძღოლებზე ძალადობის ფაქტებზე მკაცრი რეაგირება მოახდინოს

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციები შსს-ს მოუწოდებენ, ავტობუსის მძღოლებზე ხულიგნობისა და ძალადობის ყველა შემთხვევაზე მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. საკრებულოს ფრაქციებმა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თბილისი დღეს განცხადება გაავრცელეს, რომლითაც სოლიდარობა გამოუცხადეს მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს და მათ მიმართ გახშირებული ძალადობის შემთხვევები დაგმეს.

"სამწუხაროდ, ამის მიზეზი საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდის განმტკიცებაა, რასაც ხელს უწყობს და ახალისებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინერტული მოქმედება და ასეთ ფაქტებზე სათანადო, დროული რეაგირების არქონა. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ხულიგნობის და ძალადობის ყველა შემთხვევაზე, იმისათვის, რომ დაცული იყოს მძღოლებისა და სხვა პერსონალის უსაფრთხოება. მათ საშუალება უნდა ჰქონდეთ მშვიდად მოემსახურონ თბილისელებს, იფიქრონ მხოლოდ სამსახურზე და არა საკუთარი თავის დაცვაზე. ეს კი მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ არ მოხდეს საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის შეფერხება, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს თბილისელ მგზავრებსაც", - ნათქვამია განცხადებაში. 

რამდენიმე დღის წინ, ავტობუსის მძღოლი მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით მიმდინარეობს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

კომენტარები