ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბაქრაძე: მოკავშირეებთან დაპირისპირებას ქვეყნისთვის მძიმე შედეგი ექნება

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს პარტნიორებთან კონფრონტაციული საუბარი შეწყვიტოს. ბაქრაძე ღარიბაშვილის მიერ შვედეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრების "სააკაშვილის მეგობართა კლუბად" მოხსენიებასა და ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. ღარიბაშვილმა ეს განცხადება მინისტრების მხრიდან, პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მთავრობის წევრების სამართლებრივი დევნის კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.

"ეს გახლავთ ჩვენს პატნიორებთან კონფრონტაციის მეორე და არანაკლებ საშიში მიმართულება, როდესაც ბოლო დღეების მანძილზე ვისმენთ, რომ თურმე მნიშვნელოვანი არ არის, რა განცხადებებს გააკეთებენ ჩვენი მთავარი მოკავშირეები. მინდა, ყველას შევახსენო, როდესაც ვილნიუსში მთავრობა შალახოს ფონზე ზეიმობდა ხელმოწერას, იქ მასპინძელი ლინას ლინკიავიჩუსი იყო [ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი] – ერთ-ერთი მათგანი, ვინც საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შერჩევითი მართლმსაჯულება შეეწყვიტა. მინდა, მთავრობას შევახსენო, რომ როცა ბრიუსელში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას ზეიმობდა და ეს მართალც უდიდესი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის, ამ პროექტის ავტორი, არქიტექტორი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტია.

თუ ჩვენ დავუპირისპირდებით ისეთ ადამიანებს, როგორიც არიან ლინას ლინკიავიჩუსი, კარლ ბილდტი, მაკკეინი და სხვები, ეს ნიშნავს, რომ ვუპირისპირდებით მთავარ მოკავშირეებს, ვინც აქამდე მოიყვანა საქართველო, ვინც აქამდე იცავდა საქართველოს თავისუფლებას, ვინც აქამდე იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ყველაფერს აკეთებდა ევროპული ინტეგრაციისათვის. თუ ჩვენ ასეთ ადამიანებს დავუპირისპირდებით და ვეტყვით, რომ მათი აზრი არ გვაინტერესებს და უკეთ ვიცით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით, შედეგი იქნება ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან მძიმე - შედეგი იქნება ის, რომ ეს ადამიანები საქართველოს მხადარდაჭერას შეწყვეტენ და არც ჩვენს ევროპულ მომავალს, არც ჩვენს ხვალინელ უსაფრთხოებასა და ქვეყნის გამთლიანებას სამომავლო პერსპექტივა არა აქვს", - თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები