თბილისის მერია

ენმ: უცნაურია, რევიზიის ჩატარებას მერი საგამოძიებო სამსახურებს სთხოვდეს

თბილისის საკრებულოს ფრაქციების - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ნაციონალური მოძრაობა - თბილისის განცხადებით, "უცნაურია, რევიზიის ჩატარების მოთხოვნით თბილისის მერი მიმართავდეს საგამოძიებო სამსახურებს, როდესაც მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში მას აქვს ორი უწყება - საკრებულოს სარევიზიო კომისია და მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე, რომელთა ერთადერთი ფუნქცია სწორედ ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლა, ნაკლოვანებების გამოვლენა და მათზე რეაგირების ღონისძიებების დასახვაა". ენმ-ის ფრაქციები დავით ნარმანიას განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, მან მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, დაეწყო მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზია.

"ნათელია, რომ დავით ნარმანია წარმატებით აგრძელებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას, საგამოძიებო ორგანოები გამოიყენონ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. ეს განსაკუთრებით ცხადია თბილისის მერიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, როდესაც მასშტაბურად აიძულებენ ადამიანებს, დატოვონ სამსახურები მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ადგილები მომავალში დაიკავონ ქართული ოცნების აქტივისტებმა და ხელისუფლების ნათესავებმა. ორგანიზაციების საქმიანობაში გარკვევის რეალური სურვილის არსებობის შემთხვევაში, დავით ნარმანიას მათი შემოწმება უნდა დაევალებინა მის სისტემაში არსებული მაკონტროლებელი სამსახურებისთვის და მხოლოდ დარღვევების დადასტურების შემდეგ მიემართა საგამოძიებო სამსახურებისთვის. შესაბამისად, მოვითხოვთ, დავით ნარმანიამ დღესვე საჯარო გახადოს მიმართვის ის ტექსტი, რომელზე რეაგირებასაც ახდენს საგამოძიებო სამსახური. სავარაუდოდ ასეთი მიმართვა თითოეულ ორგანიზაციაში არსებული დარღვევების მითითებით არ არსებობს, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ასრულებს ქართული ოცნების პოლიტიკურ დაკვეთას", - აცხადებენ ენმ-ის ფრაქციები და აღნიშნავენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მასშტაბური თავდასხმა თბილისის მერიაზე არაფერ კავშირშია მათ მიმდინარე საქმიანობასთან და ის მხოლოდ იქ მომუშავე ადამიანების დაშინებას და იძულებას უკავშირდება.

"ასევე, თბილისის ახალი მთავრობის სრული უმოქმედობისა და უნიათობის ფონზე მოსახლეობისთვის ილუზიის შექმნას, რომ რაღაც კეთდება. მოვუწოდებთ დავით ნარმანიას, გააცნობიეროს, რომ ის არის თბილისის მერი, შესაბამისად, უნდა იყოს მის სისტემაში მომუშავე ყველა ადამიანის ინტერესების დამცველი და არ უნდა ცდილობდეს მათ დათრგუნვას, სამსახურებიდან გაყრას საგამოძიებო სამსახურების გამოყენებით. შევახსენებთ მას, რომ უხეში, უშედეგო ძალადობის ნაცვლად, მისი თანამშრომლები მისგან ელოდებიან სამუშაოს განხორციელებისას მაქსიმალურ ხელშეწყობას, ხოლო თბილისელები - კონკრეტული პროგრამებისა და იდეების განხორციელებას, რაც მათი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს", - აცხადებენ საკრებულოს ფრაქციები - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობა - თბილისი.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს ჰერმესის და კიდევ თორმეტი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე თანხების მითვისება-გაფლანგვისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით მიმდინარეობს. ორგანიზაციებიდან საბუღალტრო დოკუმენტაცია უკვე ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) და 218-ე მუხლის (გადასახადისათვის თავის არიდება) მიხედვით მიმდინარეობს.

კომენტარები