მეწყერი დარიალის ხეობაში

უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო: ჩაკეტილი გზის გახსნას ორი კვირა უნდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით, დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად ჩაკეტილი გზის გახსნას სულ მცირე ორი კვირა დასჭირდება, ხოლო გაზსადენის აღდგენას - ორი დღე.

"პრემიერმინისტრთან შექმნილი საგანგებო შტაბის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად მიმდინარეობს შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები. ყველაფერი კეთდება ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღსადგენად. დილიდან გაგრძელდა საავტომობილო გზის გაწმენდის და აღდგენის სამუშაოები, რასაც ხელს უწყობს ამინდიც. ადგილზე მობილიზებულია საჭირო რაოდენობის მძიმე ტექნიკა, მობილიზებულია სარეზერვო ტექნიკაც. გზის გახსნას, სავარაუდოდ, მინიმუმ ორი კვირა დასჭირდება. ამავდროულად, მიმდინარეობს სომხეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის აღდგენა, რასაც დასჭირდება დაახლოებით ორი დღე, რის შემდეგაც ამ გაზსადენით სომხეთისთვიოს ბუნებრივი აირის მიწოდება განახლდება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ჰესის ტექნიკური გვირაბის გაწმენდა. გვირაბის ნაწილი ამ დროისთვის წყლისგან დაცლილია და მოხდა ამ მონაკვეთის დათვალიერება. თუმცა, აუცილებელია გვირაბის ჩრდილოეთ მხარის გახსნა, რათა გვირაბი სრულად დაიცალოს წყლისგან და დაგროვილი ღვარცოფული მასისგან. წუხელ მდინარე თერგმა რუსეთის მხარეს გარიყა ცხედარი, რომელიც, სავარაუდოდ, არის სტიქიის ზონაში მოყოლილი თურქი მოქალაქე. ამ დროისთვის მიმდინარეობს გადმოსვენებისთვის საჭირო ღონისძიებები. სტიქიის დროს დაკარგული მეორე მოქალაქე ისევ არ არის ნაპოვნი. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი რუსეთის მხარემ მიიღო. გუშინვე დასრულდა დარჩენილი მგზავრების ნაწილის ევაკუაცია სტეფანწმინდაში. დევდორაკის ხეობაში გუშინ გაიხსნა დამატებითი საგუშაგო, რომელიც განახორციელებს ვიზუალურ დაკვირვებას დევდორაკის მყინვარზე და ღვარცოფის ტრანზიტულ ზონაზე", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მოქმედებს დამატებითი სეისმური სადგური.

შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში მთის მასა ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად მეორედ ჩამოიშალა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი. ერთი მათგანის ცხედარი კი, თერგმა ვლადიკავკაზთან გუშინ გამორიყა. 

დარიალში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა.

კომენტარები