გაეროს გენერალური ასამბლეა

რუსთავი 2: ბან კი მუნმა მარგველაშვილის სახელზე მოწვევა თებერვალში გამოგზავნა

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გაეროს გენერალურმა მდივანმა მოწვევა თებერვალში გამოგზავნა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ 11 ივნისს აცნობა. ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის არსებული მიმოწერა ადასტურებს, რომელიც რუსთავი 2-მა გამოითხოვა და გაასაჯაროვა.

რუსთავი 2-ის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის სახელზე გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ოფიციალური მიწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 თებერვალს შევიდა, თუმცა მაია ფანჯიკიძის უწყებამ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე თვის დაგვიანებით, 11 ივნისს აცნობა. ტელეკომპანიის განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილის სახით საგარეო უწყებას გაეროში, კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობა 7 ივლისს დაუდასტურა, რასაც სამინისტროდან 8 ივლისს საპასუხო წერილი მოჰყვა იმის თაობაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიუ იორკში საქართველოს პრემიერმინისტრი გაემგზავრებოდა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო უწყებას შორის მიმოწერა კიდევ რამდენჯერმე განხორციელდა, სადაც, ერთი მხრივ, ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ გიორგი მარგველაშვილს სამიტში მონაწილეობის უფლება ჰქონდა და ვიზიტის მომზადებაში მაია ფანჯიკიძის უწყებას დახმარებას სთხოვდა, ხოლო მეორე მხრივ, სამინისტრო განმარტავდა, რომ გაეროში ორი დელეგაციის გამგზავრება ქვეყნის იმიჯს დააზიანებდა.

ტელეკომპანიის ცნობით, მიმოწერა, ძირითადად, საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ თენგიზ ფხალაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე დავით ზალკალიანს შორის მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს გახდა ცნობილი გაერო-ში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლის შესახებ.

კომენტარები