ზვიად ჯანყარაშვილი

ზვიად ჯანყარაშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის პოსტს დაიკავებს

news.accept.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის პოსტს დაიკავებს. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის განმარტებით, ჯანყარაშვილი პარტიას ფინანსური კუთხითაც გააკონტროლებს. მას ასევე შიდა კონტროლის სამსახური დაექვემდებარება. მიუხედავად კობახიძის განმარტებისა, აღნიშნულ ინფორმაციას ქართულ ოცნებაში არ ადასტურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად, შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა. მანამდე ის, სიღნაღში, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. 

2013 წლის მარტში, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა უწყებაში ნეპოტიზმის შემთხვევებზე ისაუბრა. ნადირაშვილმა მოიყვანა რამდენიმე მაგალითი და განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ნათესავები სხვადასხვა თანამდებობებზე არიან დანიშნულები. ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი კი გენერალური ინსპექციის უფროსია. ღარიბაშვილმა ამ გამოსვლას არასერიოზული უწოდა და თქვა - "თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?".

ინციდენტის შემდეგ ჯანყარაშვილმა თანამდებობა იმ მიზეზით დატოვა, რომ არ სურდა ქვეყნის პრემიერმინისტრთან ნათესაობის თემაზე სპეკულაციების გაგრძელება. მიუხედავად ამ განმარტებისა,  ჯანყარაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად ქართული ოცნების გენერალურ მდივან კახი კალაძესთან განხეთქილებას ასახელებდნენ. გავრელებული ინფორმაციით, კალაძესა და ჯანყარაშვილს შორის უსიამოვნება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოს სიაში ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი არ იყო. ასევე ამბობდნენ, რომ შიხიაშვილს ლობირებას სწორედ ჯანყარაშვილი უწევდა. ამ ინფორმაციას ირაკლი შიხიაშვილი უარყოფს. 







კომენტარები