თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

უსუფაშვილი: თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების საქმე ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის

Jamestown.org

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, თუ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ბრალეულობა დამტკიცდება, ამას სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა მოჰყვეს. ამასთან, მისივე თქმით, თუ დადასტურდა, რომ ბრალდება არ არის საფუძვლიანი, მაშინ ასევე სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ადამიანების, ვინც საქმე წამოიწყო.

"ამ საკითხში სიცხადის შეტანა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის ეს საქმე. თუ დადასტურდა, რომ ბრალდება მართალია, ამას ალბათ ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს ყველასი, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. ამასთანავე, თუ დადასტურდა, რომ ბრალდება არ არის საფუძვლიანი და მართებული, მაშინ ასევე, ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ადამიანების, ვინც ამ ტიპის საქმე წამოიწყო", - განაცხადა უსუფაშვილმა.

4 მილიონზე ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი 28 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, 2013 წელს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია სილქნეტი კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას გეგმავდა. ბრალდებულებმა ბაზრის კვლევისა და შესაძენი ქონებისა და მომსახურების მიღებისთვის ყველაზე დაბალი ფასის განსაზღვრისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადეს. მათ ტენდერში მონაწილეობის მიღებისთვის მოწვევა სილქნეტთან ერთად კიდევ 9 კომპანიას გაუგზავნეს. თუმცა პროკურატურის ინფორმაციით, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა სილქნეტი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს და, საბოლოოდ, საიდუმლო შესყიდვაში სილქნეტმა გაიმარჯვა. საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას საიდუმლო გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულების დახურული სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, აღკვეთის ღონისძიების რა ზომას შეუფარდებენ დაკავებულებს. ხუთივე მათგანს თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა თავდებად უდგება.

კომენტარები