თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

სანიკიძე: თუ პრემიერს ალასანიასთან აქვს შეკითხვები, ე.ი აქვს შეკითხვები

თამარ სანიკიძე სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებული ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე
ტაბულა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის შეფასებით, "თუ პრემიერი ამბობს, რომ ირაკლი ალასანიასთან აქვს შეკითხვები, ეი. აქვს შეკითხვები". მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ალასანია უნდა დაკითხონ.

"ამიტომ კიდევ ერთხელ, ეს არის თემა, რომელიც არის გამოსაძიებელი, სანახავი. და მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი კომენტარის გაკეთება სანამ ნამდვილად არ გახდება რაღაც გარკვეული პუნქტები ნათელი, იქნება ძალიან არასწორი და შეცდომაში შეიყვანს უბრალოდ ყველას"-ამბობს მინისტრი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით გადაცემა რეაქციაში საუბრისას განაცხადა, რომ მას ბევრი კითხვა აქვს ამ "სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულთან" დაკავშირებით, ხოლო მინისტრი ალასანია ჯერ არ უნახავს. 

"მეც მაქვს შეკითხვები, რა თქმა უნდა მძიმეა, ვინაიდან არ მინახავს მინისტრი ალასანია, მეც ვაპირებ საუბარს, თვითონაც დაინტერესდება და განმარტავს მოქალაქეებისთვის თუ რასთან გვაქვს საქმე. ამას გარკვევა სჭირდება. ამასთან ასეთი გულგრილი დამოკიდებულება არ შეიძლება" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით კი, "მთავარი, რაზეც ახლა ყველა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი". ალასანია თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავების საქმეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აუცილებელია გამჭვირვალე გამოძიება. ამასთან, თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია დაკავებულების უდანაშაულობაში. მისი თქმით, მთელი თავდაცვის სამინისტრო მონდომებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ირაკლი ალასანიას თქმით, მნიშვნელოვანია, საქმეს საიდუმლო გრიფი მოეხსნას. მისივე განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებით ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი მიადგა, ამის გამო კი,მინისტრი პრეზიდენტთან,პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავს. როგორც ალასანიამ აღნიშნა, აქვს თუ არა საქმეს პოლიტიკური სარჩული, "მოგვიანებით ვილაპარაკებთ".

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას საიდუმლო გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები