ევროპარლამენტი

ევროპარლამენტში საქართველოს მთავრობისგან ოპოზიციის დევნის შეწყვეტა მოითხოვეს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა მკაცრი განცხადებები გააკეთეს საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოხსენებით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ჰერბერტ სალბერი გამოდიოდა, სახალხო პარტიის დეპუტატებმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების წინ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პოლიტიკური დევნის შეწყვეტა მოითხოვეს.

"სიტუაცია საქართველოში რთულია. ევროპის სახალხო პარტია მხარს დაუჭერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, მაგრამ ვიდრე კენჭისყრა მოხდება, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და არ გამოიყენოს შერჩევითი სამართალი. არ შექმნას შთაბეჭდილება, რომ არის პოლიტიკური შურისძიების სურვილი, რომელიც ხელს შეუშლის მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. ამის შემდეგ ჩვენ დოკუმენტის რატიფიცირებას მოვახდენთ. ასე რომ გააცანით ეს პოლიტიკური მოთხოვნები, ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელი უნდა იყოს. ამასვე ველით თქვენგან" - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა.

"მე მხარს ვუჭერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს, მაგრამ ჩვენ, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მოვახდინოთ ზეგავლენა საქართველოს მთავრობაზე, რომ მათ თავიდან აიცილონ ორმაგი სტანდარტები არა მხოლოდ სასამართლო სისტემაში, არამედ ოპოზიციის აშკარად დევნის დროსაც. ყოფილი პრეზიდენტისა და მთელი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ დაწყებულია სამართლებრივი დევნა. ეს შეუსაბამოა ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვახდინოდ საქართველოს მთავრობაზე ზეგავლენა შეწყვიტოს ეს ქმედებები" - თქვა სახალხო პარტიის სხვა წარმომადგენელმა.

იმავე პარტიის სხვა წარმომადგენელმა ჰერბერტ სალბერის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, რომ მან გამოსვლისას არ ახსენა მოკავშირეობის შესახებ რუსეთსა და აფხაზეთს შორის დაგეგმილი ხელშეკრულება: „იმედგაცრუებული ვარ. რატომ არ ახსენეთ ის ხელშეკრულება, რომლის გაფორმებასაც რუსეთი აფხაზეთთან აპირებს. რომელიც ჩემი აზრით არის ჩუმი ანექსია, რადგან სამხედრო-ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს რუსეთთან, მე მაინტერესებს როგორია ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“.

დეპუტატს ევროკავშირის წარმომადგენელმა უპასუხა:

„ჩემი გზავნილი მოსკოვის მიმართ არის ის, რომ დაგვეხმარონ წინ წავიდეთ და ჟენევის მოლაპარაკებები იყოს კონსტრუქციული. რომ გავლენა მოახდინონ მის მოკავშირეებზე. სოხუმსა და ცხინვალზე. ამ კონტექსტში მინდა გავიხსენო შეხვედრა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარასინსა და საქართველოს სპეცწარმომადგენელ აბაშიძეს შორის შედგა. მათ მოახერხეს გარკვეული პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტა სხვადასხვა სფეროში. ეს იყო საოცრად პოზიტიური იმ ფონზე, რაც ხდებოდა ახლო სამეზობლოში, უკრაინაში. რაც შეეხება შერჩევითი სამართლის პრაქტიკის შესახებ დასმულ შეკითხვებს, ეს პირდაპირ არ ეხება ჩემს მანდატს, მაგრამ როდესაც მე ვესაუბრები ხელისუფლების ლიდერებს, რა თქმა უნდა აღვნიშნავ, რომ ევროკავშირს აქვს სერიოზული შეკითხვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორი მიდგომა აქვთ მათ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში" - განაცხადა სალბერმა.

[გამოსვლის ტექსტის თარგმანი ეკუთვნის ტელეკომპანია რუსთავი 2-ს]

კომენტარები