სასჯელაღსრულების დაწესებულება

კოჟორიძე ხელისუფლებას: გამოიძიეთ ციხეში პატიმრების წამების სავარაუდო ფაქტი

Medianews

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელისუფლებას გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმრების წამების ფაქტებზე რეაგირებას და საქმის სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა ციხეში ჯაჭვით დაბმული და ნაცემი ორი პატიმარი ნახეს. საია-ს ხელმძღვანელს კახა კოჟორიძეს იმედი აქვს, რომ იარსებებს ობიექტური გამოძიების პოლიტიკური ნება და ციხის ადმინისტრაციის დამნაშავე თანამშრომლები სათანადოდ დაისჯებიან.

"ეს ისტორია ქმნის ძალიან მაღალი დასაბუთების ვარაუდს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ამ ადამიანების წამებას და ეს წარმოშობს პირდაპირ ვალდებულებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს საქმე. მთავარია, ნება არსებობდეს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ნება იარსებებს და ძალიან მალე გავიგებთ, ვინ იყვნენ გლდანის N8 დაწესებულების ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებმაც ასეთი სისასტიკე ჩაიდინეს“, - განაცხადა კოჟორიძემ.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დღეს, 17:00-ზე, საგანგებო ბრიფინგს გამართავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი კახი კახიშვილი.

კომენტარები