რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება

მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელშეკრულება ხვალ სოჭში გაფორმდება

travel-images.com

ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ რუსეთსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის ხელი ხვალ სოჭში მოეწერება.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, 24 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტი სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ლიდერ რაულ ხაჯიმბას შეხვდება. ამ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილება. ასევე ხელი მოეწერება ახალ ხელშეკრულებას მოსკოვსა და სოხუმს შორის.

ხელშეკრულების გაფორმება სოხუმს მოსკოვმა რამდენიმე თვის წინ შესთავაზა. თავდაპირველ ვარიანტში მისი სახელწოდება „ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ" უნდა ყოფილიყო. სოხუმში რუსეთს მიერ შემოთავაზებულ ვერსიაში გარკვეული კორექტივები შეიტანეს და მოსკოვს საკუთარი ვერსია წარუდგინეს.

„ხელშეკრულება" ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნას, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის კოორდინაციას, ფსოუზე საზღვრის გაუქმებას და ენგურზე ადმინისტრაციული საზღვრის ერთობლივს დაცვას, ასევე რუსეთის მხრიდან სოციალურ გარანტიებს ითვალისწინებს.

საქართველოს საგარეო უწყებამ 22 ნოემბერს საგანგებო განცხადებაში სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელშეკრულების გაფორმების გამო შეშფოთება გამოთქვა და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდა.

კომენტარები