საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

კალაძე: უხერხული იქნება უკრაინის მთავრობაში ჩვენთან ძებნილი ადამიანების ხილვა

ვიცეპრემიერ კახა კალაძის შეფასებით, ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში შესაძლო დანიშვნის ფაქტი არასასიამოვნოა. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, "ცოტა უხერხული და წარმოუდგენელი იქნება" უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანების ხილვა, რომლებიც საქართველოში იძებნებიან.

"დაველოდოთ, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა თვითონ ფაქტი არასასიამოვნოა, რადგან საუბარია ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ სცენარისტები, ძირითადი ავტორები იმ ძალადობრივი რეჟიმის, რომელიც მათ შექმნეს თავიანთი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში. არ  მინდა ამაზე საუბარი, თუმცა თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს მტკივნეული იქნება ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. რადგან ჩვენ უკრაინა მიგვაჩნია მეგობარ ქვეყნად და ვფიქრობ, ცოტა უხერხული და წარმოუდგენელი იქნება უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანების ხილვა, რომლებიც საქართველოში იძებნებიან. წინასწარ არ მინდა, რაიმე განცხადებები გავაკეთო, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ იქნება სასიამოვნო ფაქტი", - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ უკრაინაში პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. 

ცნობისთვის, უკრაინული მედია საქართველოს ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა მაღალჩინოსნის მაღალ თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნის შესახებ უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში იუწყება. უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო KyivPost-მა გუშინ ინფორმაცია გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მან უარი თქვა შეთავაზებაზე.

წინა კვირას გავრცელებული ცნობის მიხედვით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე, შესაძლოა, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დაინიშნოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმავე პოსტზე ეკა ზღულაძის კანდიდატურის განხილვის შესახებ. ამასთან, ფრაქცია პეტრო პოროშენკოს ბლოკმა უმაღლეს რადას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი წარუდგინა. 

კომენტარები