თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ჭიაბერაშვილი: სამარცხვინო განცხადებაზე პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა აიღო

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამარცხვინო განცხადებაზე პასუხისმგებლობა მმართველმა უმრავლესობამაც აიღო. განცხადებაზე პარლამენტის წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა რატიანთან ერთად კომიტეტის წევრები დახურულ ფორმატში მსჯელობენ. კომიტეტი დატოვა მედიამ და ასევე არაწევრმა წარმომადგენლებმა. მათ შორის, კომიტეტის სხდომიდან გამოვიდნენ ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ზურაბ ჭიაბერაშვილი და ირაკლი ქავთარაძე, რომლებიც პარლამენტის წევრები არ არიან.

ჭიაბერაშვილის თქმით, "ხელისუფლება მოწოდებულია არა იმისკენ, რომ დაიცვას ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი, არამედ იმისათვის, რაც შეიძლება მეტად ასიამოვნოს ვლადიმერ პუტინს და ბიძინა ივანიშვილს".

"ის, რომ უმრავლესობამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა დახურა და ჟურნალისტებს და არადეპუტატებს აქ ყოფნის შესაძლებლობა არ მოგვეცა, მეტყველებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სამარცხვინო განცხადებაზე მმართველი გუნდი სრულად იღებს პასუხისმგებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით მათი ყოველი მომდევნო განცხადება და განმარტება კი კიდევ უფრო სამარცხვინო ხდება. ხელისუფლება მოწოდებულია არა იმისკენ, რომ დაიცვას ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი, არამედ იმისათვის, რაც შეიძლება მეტად ასიამოვნოს ვლადიმერ პუტინს და ბიძინა ივანიშვილს, - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, მათ სურდათ, მოესმინათ თავდაცვის მინისტრის მოადგილისგან, თუ რატომ მოხდა საკითხის პოლიტიზირება და ვისი ინიციატივით გავრცელდა აღნიშნული განცხადება.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა და მას ტექნიკური შეცდომა უწოდა.

კომენტარები