არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

არასრულწლოვანს პატიმრობას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მიუსჯიან

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისათვის სპეციალური კოდექსი შეიქმნა. პროექტი დღეს, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს. ახალი კოდექსის მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტი იქმნება. კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც მოზარდთა საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ.

უცვლელი რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რაც 14 წლით განისაზღვრება. სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებით, უპირატესობა ენიჭება აღდგენითი მართლმსაჯულების და მედიაციის, აგრეთვე, განრიდების ინსტიტუტებს. პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებით მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში - მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე იქნება შესაძლებელი და მისი მაქსიმალური ზომა 10-15 წლით განისაზღვრება. ახალი კოდექსის მიხედვით, იკრძალება არასრულწლოვნისათვის უფრო მაღალი სასჯელის და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

"ეს მიდგომები არასრულწლოვნებისადმი აღარ იქნება დამოკიდებული ბრალდების მხარის კეთილ ნებაზე, პრაქტიკაზე, არამედ წარმოგვიდგება როგორც ინსტიტუციურად გარანტირებული", - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე არასრულწლოვნისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ნასამართლობის მოხსნა კი სასჯელის მოხდისთანავე მოხდება.

"თუმცა, თუ ადრე გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში მიიღება. შესაბამისად, კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისათვის რესოციალიზაციის შანსის მიცემაა.
ასევე, პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნისათვის ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება.
ნიშანდობლივია აგრეთვე, რომ ბავშვებთან მიმართებაში მოწმის დაკითხვის ახალი წესი იმოქმედებს. რაც შეეხება სასჯელის მოხდის პირობებს, კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი", - აცხადებს უწყება.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების, ასევე, ევროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეკომენდაციების საფუძველზე, ევროკავშირის პროექტის - "სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" - მხარდაჭერით მოამზადა.

 

კომენტარები