ზეწოლა პატრულის თანამშრომლებზე

შსს-მ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ვიდეოებზე მოკვლევა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ვიდეოებზე მოკვლევა დაიწყო. ინსპექცია შეისწავლის, დაარღვია თუ არა პატრულმა კანონი, დაუკავშირდა თუ არა მოქალაქე თანამდებობის პირებს და ასევე იმას, თუ საიდან მოხვდა ვიდეოკადრები "გარეშე პირებთან".

უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა:

"ბოლო ორი დღის განმავლობაში მედიაში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ასახულია პატრულისა და მოქალაქის, ასევე პატრულისა და შსს-ს თანამშრომლის კადრები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

გენერალური ინსპექცია შეისწავლის, ჰქონდა თუ არა ადგილი პატრულის მხრიდან კანონდარღვევას, განხორციელდა თუ არა მოქალაქის მხრიდან სატელეფონო ზარები შს სამინისტროს თანამდებობის პირებთან. ინსპექცია ასევე შეისწავლის იმ ფაქტს, თუ საიდან მოხვდა აღნიშნული ვიდეოკადრები გარეშე პირებთან.

შესწავლის შედეგად გამოვლენილი კანონდარღვევების მიმართ იქნება კანონის შესაბამისი რეაგირება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შს სამინისტრო რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ მსგავს ფაქტს. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ როგორც მოქალაქის, ასევე თითოეული პოლიციელის კანონიერი უფლებები და პატივი იყოს დაცული", - იუწყება შსს.

ცნობისთვის, გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ორი ვიდეომასალა, სადაც, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, კანონდამრღვევი მოქალაქე ეკა ყურშიტაშვილი პატრულს გაჩერებისთვის შეურაცხყოფას აყენებს და შემდეგ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსისა (დათო ცინარიძეს) და მისი მოადგილის დახმარებით "იგვარებს პრობლემას". ჯაფარიძის ცნობით, პატრულის თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მორიგი ვიდეო ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს გაავრცელა. მასში ბორჯომში მყოფი მოქალაქე, რომელიც თავის თავს პოლკოვნიკად მოიხსენიებს, პოლიციელს წინააღმდეგობას უწევს და საბუთების ჩვენებაზე უარს ეუბნება.

კომენტარები