ე.წ. კორტების საქმე

სამართალდამცავთა დაცვის ლიგა ომბუდსმენს: პოლიციელთა სიცოცხლე საფრთხეშია

სამართალდამცავთა დაცვის ლიგა
სდლ

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავთა დაცვის ლიგა საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს, მოახდინოს რეაგირება ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავთა სიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

"ბატონო უჩა, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მასმედიით გავრცელდა ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავთა სრული სია, (იხ.http://www.for.ge/view.php?for_id=38560&cat=3) მათი იმჟამინდელი თანამდებობებისა და პიროვნებების იდენტიფიცირების მითითებებით, რაც ჩვენს სამართლიან შეშფოთებას იწვევს. დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამ პირების მიმართ მიმდინარეობს რეპრესიები, რომელიც გამოიხატება შემდეგში: ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ პოლიციელებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში იძულებით აწერინებენ პატაკებს ორგანოდან დათხოვნის თაობაზე და კატეგორიულად უკრძალავენ თარიღის მითითებას. პროცესს პროკურატურის წარმომადგენელი ესწრება, შემდეგ კი, შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს პოლიციელები მთავარ პროკურატურაში გადაყავთ. პოლიციელთა დაკითხვა ადვოკატების გარეშე მიმდინარეობს, აუცილებელ პირობად უყენებენ მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას, რის შემდგომაც ისინი შეინარჩუნებენ თანამდებობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პატაკები იქნება დაკმაყოფილებული.

იმ თანამშრომლებს კი, რომლებიც უკვე გათავისუფლებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სასურველი ჩვენების სანაცვლოდ სთავაზობენ დასაქმებას მაღალანაზღაურებად სამსახურებში.

შეშფოთებას იწვევს, რომ ე.წ. "დაკითხვებს" არ ასწრებენ ადვოკატებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის; 1) საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებთან; 2) ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან; 3) პროკურატურის იმ განცხადებასთან, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება გამჭვირვალედ ჩატარდებოდა.

ბატონო უჩა, გთხოვთ მოახდინოთ სასწრაფო რეაგირება და საჯარო გამოსვლით დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, იმ პოლიციელთა სიცოცხლეს, რომელთა ვინაობაც გასაჯაროებულია, რეალური საფრთხე ემუქრება", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები