ე.წ. კორტების საქმე

ჭაია: სპეცრაზმელების დაკავებისას მათი უფლებები დაირღვა

ტაბულა

სპეცრაზმელების დაკავებისას მათი უფლებები დაირღვა, - ამის შესახებ სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წევრმა ზაზა ჭაიამ განაცხადა.

ჭაიას თქმით, ის ამის დამადასტურებელ მასალას უცხოელ დიპლომატებს მიაწვდის.

„ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები უცხოელ დიპლომატებს ათობით ფაილსა და განცხადებას მივაწვდით. ამ მასალებში დეპუტატები, მინისტრები, სახელმწიფოს უმაღლესი მოხელეები და პოლიტიკოსები პროკურატურას უცხადებენ პოლიციელთა დაკავების ვადებს. ასევე ღიად უცხადებენ მათ სახელებს, გვარებსა და კვალიფიკაციას. ეს იყო ქალბატონი იუსტიციის მინისტრი. ასევე იყვნენ სხვა მინისტრები, დეპუტატები, მათ შორის ის დეპუტატები, რომლებიც ადამიანთა უფლებებს უნდა იცავდნენ“, - განაცხადა ჭაიამ.

გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და 11 ყოფილი სამართალდამცველი დააკავა. გამოძიება ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის, ასევე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავას უშუალო ხელმძღვანელობით, ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი დაინტერესების მოტივით დაიგეგმა.

დაკავებულები არიან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; ასევე, სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. გარდა ამისა, კიდევ ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, პროკურატურამ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

კომენტარები