უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

ბესელია: ქუცნაშვილის კანდიდატურაზე უმრავლესობაში კონსულტაციები არ ყოფილა

reportiori.ge

ქუცნაშვილის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე უმრავლესობაში კონსულტაციები არ ყოფილა, - ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

"როგორც მან თავად თქვა, უმრავლესობასთან კონსულტაციები არ ყოფილა, უმრავლესობასთან ეს საკითხი არ იყო გავლილი. რა თქმა უნდა, ცალკეულ დეპუტატებს საკუთარი თავის ნომინირების უფლება აქვთ და ეს მისი პირადი თავისუფლება და არჩევანია. უმრავლესობის პოზიცია შემდეგნაირია, რომ საბოლოოდ როდესაც მოხდება დამატებითი კონსულტაცია და შეხვედრა უმრავლესობის ლიდერის სახით პრეზიდენტთან, ალბათ უკვე ჩამოყალიბდება სავარაუდო კანდიდატთა წრე, რომელზეც უნდა იმსჯელოს პარლამენტმა და შევთანხმდებით ერთიან პოზიციაზე", - განაცხადა ბესელიამ.

ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურა 11-მა სამოქალაქო ორგანიზაციამ წარადგინა. ქუცნაშვილის თქმით, აღნიშნული საპარლამენტო უმრავლესობასთან არ შეუთანხმებია, თუმცა პრემიერს და პრეზიდენტს ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ.

"ვიცნობ რა გიორგი მარგველაშვილს, ის არ დაუშვებს პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დაყოფას და დისკრიმინაციას. მე გამოვრიცხავ პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან დისკრიმინაციას", - თქვა ქუცნაშვილმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნიშნით სეგრეგაცია დაუშვებელია.

"უნდა დავამტკიცოთ, რომ პოლიტიკური ნიშნით სეგრეგაცია დაუშვებელია. ეს სერიოზული გამოწვევაა. პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დაყოფა მართებული არ იქნება... მართლმსაჯულების სფეროს მთელ რიგ საკითხებში რეფორმებია გასატარებელი, მე ვაპირებ ეს ხედვები გავაცნო ყველა იმ ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად წარმადგინეს. მათთან ერთად შეხვედრაზე მოწვეულები იქნებიან მედიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელები", - განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები