უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

იურიდიულმა კომიტეტმა ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ნინო გვენეტაძე
ტაბულა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს მხარი დაუჭირა. სხდომაზე მის სასარგებლოდ ხმა ხუთმა დეპუტატმა მისცა, ორი ბიულეტენი კი გაბათილდა.

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში კენჭისყრა ნინო გვენეტაძის მოხსენების დასრულების შემდეგ ჩატარდა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხა. გვენეტაძემ იმ გეგმებსა და რეფორმებზე ისაუბრა, რომლებსაც თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში გაატარებს.

სხდომაზე ინციდენტიც მოხდა. ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა ალექსი კობაიძემ მოისურვა, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტისთვის წარდგენილ კანდიდატთა სიაში იყო. ვახტანგ ხმალაძემ მას ამის საშუალება არ მისცა და კობაიძის უკმაყოფილება სწორედ ამან გამოიწვია.

საპარლამენტო უმრავლესობაში გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს. ირაკლი სესიაშვილის თქმით, კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.

ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით დღეს კომენტარი პრეზიდენტმაც გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტი მხარს დაუჭერს.

ნინო გვენეტაძეს დღესვე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოუსმენენ. 

კომენტარები