უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

მარგველაშვილი: გვენეტაძის კანდიდატურის განხილვის პროცესი იმედია ღია იქნება

ტაბულა

გვენეტაძის კანდიდატურის განხილვის პროცესი იმედია ბოლომდე ღია იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გვენეტაძის კანდიდატურაზე უნდა ემსჯელათ, ორჯერ ჩაიშალა. მარგველაშვილის თქმით, იმედია, რომ უცნაური, ჩავარდნილი პროცესების ნაცვლად, გასაგებ ენაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ვნახავთ.

„მინდა გაგახსენოთ, რამდენად ღია იყო ის პროცესი, რომლის შედეგადაც შეირჩა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა. საპრეზიდენტო ინსტიტუტს არც პოლიტიკური და არც საკანონმდებლო ვალდებულება არ ჰქონია, რომ ასე ფართოდ გაეხსნა კარი როგორც პოლიტიკური ძალებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მიუხედავად ამისა, მთელი პროცესი თავიდან ბოლომდე იყო ღია. მე ველოდები, რომ პარლამენტში ჩვენ ვნახავთ არა უცნაურ, ჩავარდნილ სხდომებს, უცნაურ პროცესებს, რომლის უკანაც უნდა ვივარაუდოთ რაღაც კულუარული თემები, არამედ ველი, რომ ვნახავთ ძალიან ღია პროცესს, რომელშიც იქნებიან ჩართული როგორც პოლიტიკური ძალები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები და ისინი ღიად, გასაგებ ენაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მე მოველი ამას, რადგან პარლამენტი თავისი არსით, არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკური ძალები ღიად ლაპარაკობენ და ამ დიალოგში ერთვება მთელი საზოგადოება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.

კომენტარები