პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

უსუფაშვილი: ვერ ავყვებით ოპონენტებს საგანგებო რეჟიმის დამკვიდრების მცდელობაში

Jamestown.org

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნუ გაუკვირდება საპარლამენტო ოპოზიციას, "თუ უმრავლესობა, რომელიც ამგვარ საკითხებში განსაკუთრებული პასუხისმგებლობით არის დატვირთული, მიიღებს სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და არ ჩაებმევა ამ უსაგნო ხმაურში, ხმაურში ხმაურისთვის, რაც ყველზე უფრო დამაზარალებელია სწორედ ლარის კურსისთვის და ეკონომიკისთვის". საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.

"ჩვენ ამ საკითხის განხილვისთვის მზად ვართ საქმიან რეჟიმში. ხვალ ჩატარდება საკომიტეტო მოსმენები ამ საკითხზე. საპარლამენტო სხდომის რეჟიმში არაერთხელ განგვიხილავს და მზად ვართ განვიხილოთ, მაგრამ ვერ ავყვებით პოლიტიკურ ოპონენტებს ამ საგანგაშო, საგანგებო რეჟიმის და ვითარების დამკვიდრების მცდელობაში", - თქვა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, რიგგარეშე სხდომაზე გამოცხადება ნიშნავს, რომ დეპუტატი მზად არის დაესწროს სხდომას მოწვეული დღის წესრიგით.

"ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პარლამენტის წევრი, რომელიც თვლის, რომ ეს არის ხმაური ხმაურისთვის, არასერიოზული დამოკიდებულება საქმისადმი, მისი სხდომაზე მისვლა ნიშნავს, რომ ის ჩართულია ამ პროცესში და ხმას აძლევს საკითხის განხილვას. რიგგარეშე სხდომა არის სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტი და პარლამენტის წევრები აკეთებენ პოლიტიკურ არჩევანს - მიდიან სხდომაზე და ეთანხმებიან საკითხის ასეთ რეჟიმში განხილვას თუ არ ეთანხმებიან", - თქვა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ამაზევე მიუთითებს რეგლამენტი, რომ რიგგარეშე სხდომის გაცდენა არ ისჯება.

"ამგვარი დამოკიდებულება სახელმწიფობრივი მნიშვნელობის საკითხების მიმართ, რასაც ოპოზიცია იჩენს, არის ოპოზიციის უფლება და კანონის, კონსტიტუციის ფარგლებში დესტრუქციული ქმედებებიც არის მათი უფლება, ამათ ვერავინ შეზღუდავს, გარდა ამომრჩევლისა არჩევნებზე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები