პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

რიგგარეშე სხდომაზე ჯერ უმრავლესობის არცერთი დეპუტატი არ მისულა

საქართველოს პარლამენტი

ზუსტად 12:00-ზე პარლამენტში, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ეკონომიკური კრიზისის შესახებ რიგგარეშე სხდომა უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არც პარლამენტის თავმჯდომარე გამოჩენილა და არც მმართველი კოალიციის სხვა დეპუტატები. 

საგანგებო სხდომაზე დასასწრებად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების წევრები შეიკრიბნენ. მათთან ერთად პლენარული სხდომის დარბაზში იმყოფება მურმან დუმბაძე. 

რიგგარეშე სხდომაზე დასწრება დავით უსუფაშვილმა არ ისურვა და მის ნაცვლად, სხდომის წაყვანა ვიცესპიკერ ზვიად ძიძიგურს დაევალა. თუმცა, დეპუტატი ძიძიგური საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ამ დრომდე არ გამოჩენილა. 

შესაძლოა პარლამენტში რიგგარეშე სხდომა უკვე მეორედ კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალოს. 

გუშინ კი, საქართველოს პარლამენტის ძველი შენობის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. პარლამენტარები ექვსი საათის მანძილზე უსმენდნენ ეკონომიკური გუნდის მინისტრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენებებს. მოხსენებების შემდეგ დებატები გაიმართა. მინისტრებმა გეგმა წარადგინეს, რომლითაც მთავრობა კრიზისის მოგვარებას გეგმავს. სხდომას თავისუფალი დემოკრატები პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს კითხვები ძირითადად ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ჰქონდათ, ხოლო უმრავლესობის დეპუტატები ძირითადად ეროვნული ბანკის საქმიანობით იყვნენ დაინტერესებულნი.

კომენტარები