პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

ბაქრაძე მთავრობას: გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა, მობრძანდით სხდომაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დავით ბაქრაძე საქართველოს მთავრობას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ბაქრაძემ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა.

"მინდა, გამოვეხმაურო განცხადებას, რომელიც დღეს მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარისგან. პირველ რიგში მინდა, ძალიან მკაფიოდ და გასაგებად დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია. დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში მთავარი პრობლემური საკითხი გახლავთ გაძვირებული ცხოვრება, ეკონომიკური პრობლემები, გაზრდილი უმუშევრობა, გაუფასურებული ლარი და უფრო და უფრო მეტი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბეში და გაჭირვებაში; დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც პარლამენტის წევრების ვალდებულებაა, ყველგან ვისაუბროთ ამ თემაზე და ვეძებოთ გამოსავალი და თუ საჭიროა ამისთვის გამოვიყენოთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფორმარტიც; დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკაში საქმე მიდის ცუდად და სწორედ ამიტომ, 21 მარტის აქციაზე ჩვენ საშუალებას ვაძლევთ რუსთაველის გამზირზე მოსულ ათეოლობით ათას ადამიანს, მიაწვდინოს თავისი ხმა მთავრობას და უთხრას, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ეს უნდა დასრულდეს და საზოგადოება აღარ მოითმენს სიღარიბეში, გაჭირვებაში და უმუშევრობაში შემდგომ ჩაძირვას; დიახ, ჩვენ ეს ყველაფერი მიგვაჩნია და სწორედ ამიტომ, როგორც პარლამენტის წეევრები, ვალდებულად მივიჩნევთ თავს, რომ მათ შორის რიგგარეშე სესიის ფორმატითაც ვიმუშავოთ ამ პრობლემის და ამ თემის მოსაგვარებლად.

რაც შეეხება კონკრეტულ რამდენიმე არგუმენტს და ბრალდებას, თითქოს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე სესიას ვითხოვთ - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ რიგგარეშე სესიის ფორმატითაც, მაგრამ მინდა, საზოგადოებას წარმოვუდგინო გასული წლის 9 დეკემბრის რეზოლუციის პროექტი. ეს არის რეზოლუცია ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ნაბიჯების შესახებ, რომელიც შეიცავს ძალიან კონრკეტულ ნაბიჯებს, რა უნდა გაკეთებულიყო გასული წლის დეკემბერში იმისთვის, რომ დღეს არ შექმნილიყო ის ეკონომიკური კრიზისი, რომელშიც ვართ. რეზოლუცია შევიტანეთ 9 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე. მოვითხოვეთ მისი განხილვა პირველივე პლერანულ სხდომაზე, ჩვეულებრივ რიგით პირველივე სხდომაზე, მაგრამ სწორედ ასეთი პროცედურული საბაბებით უმრავლესობამ მის განხილვაზე უარი თქვა და დოკუმენტი დღემდე არ არის მიღებული. განვმეორდები - ეს არის დოკუმენტი, რომელშიც არის კონკრეტული ნაბიჯები, რა უნდა გაკეთებულიყო და რომლის დეკემბერში მიღებაც ძალიან ბევრ ადამიანს ააცილებდა თავიდან იმ პრობლემებს, რომელიც იანვარში შექმნა გაუფასურებულმა ლარმა.

მეორე, რაც დღეს მოვისმინეთ - თითქოს გაუგებარია, რაზე უნდა ვიმსჯელოთ პარასკევს და რა ფორმატით უნდა ვისმჯელოთ . მე მინდა, წარმოგიდგინოთ წერილი, რომელიც ჩვენ გავუგზავნეთ საქართველოს პრეზიდენტს სხდომის მოწვევის თაობაზე და სადაც მკაფიოდ გვიწერია, რომ აუცილებლად მიგვაჩნია რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის სრული შემადგენლობის მონაწილეობა.

ანალოგიური წერილი გაეგზავნა საქართველს პარლამენტის თავჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს და ანალოგიური წერილი გაეზგავნა საქართველოს პრემიერ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. როდესაც პრემიერმინისტრს უგზავნი წერილს და ეუბნები, რომ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავ ლარის სტაბილიზაციის საკითხს და სთხოვ, რომ მთავრობამ მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, მე არ ვიცი, მეტი გასაგებად ქართულ ენაზე როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მოთხოვნა. რაც შეეხება დეტალებს და დეტალების მომიზეზებას, ვინ გამოვა, რამდენი წუთი ილაპარაკებს და როგორ, ეს ყველაფერი არის ბიუროს განსასაზღვრი და ვფიქრობ, უხერხულია, როდესაც ჩვენს საზოგადოებას ასეთ სერიოზულ ტემაზე საუბრისას ასეთი წვრილმანების მომიზეზებით ვეუბნებით უარს.

და ბოლოს, დღეს ოპოზიციაზე საუბრის დროს ბატონმა უსუფაშვილმა აირჩია ჩემთვის მიუღებელი ტონალობა, როდესაც ისაუბრა რომ ოპოზიცია არის უსაქმური და უპასუხისმგებლო. მე ვწუხვარ, რომ მან ამ ტონალობაში საუბარი გადაწყვიტა. მე ნამდვილად არ ვაპირებ აყოლას და იგივე ტონალობაში პასუხს, თუმცა, შემეძლო, ძალიან ბევრი მესაუბრა სწორედ ხელისუფლების უპასუხისმგებბლობაზე. მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის პიროვნული დაპირისპირება, ჩვენი ამოცანა არის საქმის გაკეთება და კონკრეტული გამოსავლის მოძებნა იმ პრობლემებიდან, რომელიც დღეს აწუხებს მოსახლეობას. ამიტომ მე მიმაჩნია რომ უპასუხისმგებლობა არის არა ის, როდესაც ითხოვ პარლამეტის სხდომას, რომ იმსჯელო მოსახლეობის ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე, გაღარიბებაზე, გაძვირებულ ცხოვრებაზე და გაუფასურებულ ლარზე. უპასუხისმგებლობა არის სწორედ ის, როდესაც თავს არიდებ ამ სხდომაში მონაწილეობას, არ მიდიხარ და ემალები ხალხის პრობლემებს, ამიტომ მე მინდა, მოვუწოდო ხელისუფლებას და მთავრობას - გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა, მობრძანდით სხდომაზე და გპირდებით, რომ ჩვენ მზად ვართ ძალიან საქმიან, მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში მოვისმინოთ, აქვს თუ არა მთავრობას რაიმე გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და წარმოვადგნოთ ჩვენი გეგმა, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას ფინანსური და ეკონომიკური კრიზისიდან.

და სულ ბოლოს ბრალდება, რომ თითქოს ჩვენ ვთესავთ პანიკას. პანიკას თესავს არა ამ საკითხების საჯაროდ განხილვა, არამედ პანიკას თესავს ის, რომ სამთვიანი სავალუტო კრიზისის განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელაც ვერ მოისმინა მთავრობისგან, რის გაკეთებას აპირებს მთავრობა და დღემდე არავინ არ იცის, არსებობს თუ არა რაიმე გეგმა ამ პრობლემის გადასალახად. პანიკას თესავს არა განხილვა და მსჯელობა, პანიკას თესავს დამალვა, გაქცევა და საზოგადოებისთვის ზურგის შექცევა.

ამიტომ, თუ ხელისუფლებას სურს, რომ ქვეყანაში არ იყოს პანიკა და ვითარება გამოსწორდეს, დაიწყოს დიალოგი ხალხთან, დაიწყოს დიალოგი პარლამენტთან, მთავრობა უნდა მობრძანდეს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე. ჩვენ მსჯელობისთვის მზად ვართ, ჩვენ ვიცით, რა სჭირდება ამ ქვეყანას, ჩვენ გვაქვს გზა და თუ ხელისუფლება უარს იტყვის ამ გზაში მონაწილეობაზე, 21 მარტს ათეულობით ათასი ადამიანი საქართველოში კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას", - თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები