მთიანი ყარაბაღი

მთიან ყარაბაღში, შეტაკების შედეგად სომეხი სამხედროები დაიღუპნენ

Iliya Pitalev / RIA Novosti

მსხვერპლით დასრულდა მორიგი შეტაკება სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის მთიან ყარაბაღში.

ე. წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შედეგად სამი სომეხი სამხედრო დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

""საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც გუშინ მოხდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციის შედეგად, დივერსიული ჯგუფის შემოსვლით მთიან ყარაბაღში. სამწუხაროდ, 3 სამხედრო პირი დაიღუპა, 4 - დაჭრილია. მიღებული საპასუხო ზომებით, დივესრიული ჯგუფი განადგურდა. ჩვენი დაუზუსტებელი ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარის დანაკარგი მინიმუმ 14 კაცია. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდების მიუხედავად თავი შეეკავებინათ პროვოკაციული ქმედებებისგან, აზერბაიჯანი აგრძელებს იგივე პოლიტიკას. ეს პოლიტიკა დესტუქციულია და ყველა გონივრულ საზღვრებს სცილდება", - თქვა ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარენ მირზოიანმა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი, ცეცხლის გახსნაში სომხურ მხარეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დაღუპულების და დაჭრილების სახით ე. წ. მთიანი ყარაბაღის ძალებმა 20 მებრძოლი დაკარგეს.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანში 1994 წლიდან მოქმედებს, თუმცა შეტაკებები გამყოფი ხაზის გარშემო პერიოდულად ხდება.

კომენტარები